იტალია

Bloomberg: იტალია ჩინეთის "სარტყლისა და გზის ინიციატივის" დატოვებას აპირებს

ჯორჯია მელონი და სი ძინფინგი G20-ის სამიტზე, 2022 წლის ნოემბერი.
governo.it

ამერიკული მედია Bloomberg-ი წერს, იტალია აშშ-ს მიანიშნებს, რომ წლის ბოლომდე აპირებენ დატოვონ ჩინეთის ეკონომიკური გეგმის, სარტყლისა და გზის ინიციატივის პროექტი, რომელში რომის მხრიდან გაწევრიანებასაც კითხვის ნიშნების გაჩენა მოჰყვა. 

Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკართი გასულ კვირას რომში გამართული შეხვედრის დროს დაარწმუნა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს ჩინეთის მასშტაბური ეკონომიკური პროექტის დატოვებას. როგორც მედია წერს, მათი წყაროები საუბრებს ესწრებოდნენ. 

იტალიამ ინფრასტრუქტურის ინიციატივას ხელი 2019 წელს მოაწერა, როცა პრემიერი ჯუზეპე კონტე იყო. შედეგად, ქვეყანა გახდა დიდი შვიდეულის (G7) ერთადერთი წევრი, რომელიც პეკინის ამ პროექტში ჩაერთო. 2024 წელს ერთი გზა ერთი სარტყლის პროექტში მონაწილეობა ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ რომი შეთანხმებას არ დატოვებს. 

ჯორჯია მელონის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. Bloomberg-ს არც მაკართის ოფისმა უპასუხა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ვაჭრობაში, წარმოებასა და სუფთა ენერგიასთან დაკავშირებით გამოვლილი აქვს "ერთგული კოოპერაცია", მას შემდეგ, რაც შეთანხმება გაფორმდა.

"ორი მხარე უფრო მეტად უნდა ჩაერთოს სარტყლისა და გზის კოოპერაციაში და დაიწყონ ურთიერთსასარგებლო კოოპერაცია". – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

Bloomberg-თან ანონიმურმა წყაროებმა თქვეს, რომ აშშ რომს უბიძგებდა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ პროექტთან დაავშირებით საჯარო პოზიცია დაეფიქსირებინათ. ამავე ინფორმაციით, მელონის დიპლომატიური მრჩევლები დეტალებს და სამოქმედო დროს კვლავ განიხილავენ, პარალელურად კი შიშობენ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გაუარესდება. წყაროებმა ასევე თქვეს, რომ, სავარაუდოდ, საჯარო განცხადება არ გაჟღერდება G7-ის სამიტამდე, რომელიც 19 მაისს, იაპონიაში, ჰიროშიმაში უნდა ჩატარდეს.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ნაბიჯი ახლო კავშირშია იტალიაში ჩინური ინვესტიციების მიმართებაში მელონის პოზიციასთან, კერძოდ მისაღებ გადაწყვეტილებასთან, უნდა გამოიყენონ თუ არა აღმასრულებელი ძალაუფლება შეამცირონ ჩინური კომპანიის, Sinochem Holdings Corp.-ის გავლენები. ეს კომპანია საბურავების მწარმოებელი იტალიური Pirelli & C. SpA-ს უმსხვილესი მეწილეა. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მაისის ბოლომდე გადაიდო. 

კომენტარები