იტალია

მელონიმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივით ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყო

 Alessia Pierdomenico/Bloomberg

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივით ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყო. რეფორმის მიზანს იტალიაში სტაბილურობის დამყარება წარმოადგენს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში მთავრობა 70-ზე მეტჯერ შეიცვალა, რაც ორჯერ აღემატება ბრიტანეთსა და გერმანიაში ხელისუფლების ცვლილების ინტენსივობას. სტაბილურობის ნაცვლად იტალიაში ცვლილების, კონკურენციისა და მრავალპარტიულობისკენ იხრებოდნენ. ბოლოს ამ კუთხით რეფორმის გატარებაში დიდი ძალისხმევა 2016 წელს ჩაიდო. იმჟამინდელმა პრემიერმა, მატეო რენციმ მის მიერ შეთავაზებული საპარლამენტო სისტემის რეფორმის უარყოფის შემდეგ თანამდებობა დატოვა. 

"მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. უნდა მივიღოთ ზომები, რომელთა გადადებაც არ შეიძლება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის მიღების გადაწყვეტილებაში მაქსიმალურად ერთიანები ვიყოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას კონსენსუსის გარეშეც არ ვიზამთ". - აღნიშნა მელონიმ.

იტალიამ 1948 წელს მუსოლინის მსგავსი დიქტატორების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების თავიდან აცილების მიზნით, კონსტიტუციაში ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გადანაწილების კუთხით მასშტაბური რეგულაციები შეიტანა. თუმცა არსებულ სისტემას იმ მიზეზით აკრიტიკებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვია, რაც საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის მიმართ ნდობას ამცირებს და საჭირო რეფორმების გატარებას უშლის ხელს. 

ჯორჯია მელონის თქმით, მას ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის დამყარება სურს, თუმცა განსხვავებულ შემოთავაზებებსაც მოისმენს. 

9 მარტს მელონის მხრიდან ინიციატივის წარდგენის შემდეგ არცერთ პოლიტიკურ პარტიას აღნიშნული რეფორმის გატარებისადმი ენთუზიაზმი არ გამოუთქვამს. 

ბოლოს იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი 2020 წლის 20-21 სექტემბერს გაიმართა. 

რეფერენდუმში ამომრჩეველთა დაახლოებით 53%-მა მიიღო მონაწილეობა. დაახლოებით 70%-მა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ცვლილებები გულისხმობს იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში წარმომადგენლების რაოდენობის შემცირებას 630-დან 400-მდე, სენატში კი 315-დან 200-მდე. გარდა ამისა, 5-მდე შემცირდება იმ სენატორების რაოდენობა, რომელთა უვადოდ დანიშვნასაც პრეზიდენტი შეძლებს რესპუბლიკისათვის გაწეული ღვაწლისათვის.

იტალიის ისტორიაში ეს მეოთხე საკონსტიტუციო რეფერენდუმი იყო და მეორე, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობის მხარდაჭერით საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი დაიწყო 2016 წელს, როდესაც ხელისუფლებაში იყო დემოკრატიული პარტიის კოალიცია, პრემიერმინისტრის პოსტს კი მატეო რენცი იკავებდა. თავდაპირველი შემოთავაზებით სენტორების რაოდენობა 100-მდე უნდა შემცირებულიყო და სენატს ხმის მიცემის უფლება ეკვეცებოდა. ასევე იზრდებოდა ცენტრალური მთავრობის ძალაუფლება და სენატს ერთმეოდა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება.

შემოთავაზებულ რეფორმებს მძაფრი კრიტიკა მოჰყვა და, შედეგად, რენცი თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები