უნგრეთი

უნგრეთის პარლამენტი განიხილავს სასამართლო რეფორმას, რომელიც EU-ს დაფინანსებას აღუდგენს

ვიქტორ ორბანი
Olivier Matthys/AFP via Getty Images

2 მაისს უნგრეთის პარლამენტმა დაიწყო სასამართლო რეფორმის განხილვა, რომლის გატარების შემთხვევაშიც ბუდაპეშტისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროკავშირის ფონდებიდან 13.2 მილიონი ევრო, მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკას მცირე ზრდა აქვს და ფასები იზრდება.

საკითხი ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, რასაც, როგორც ევროკავშირში თვლიან, პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანის მთავრობამ ზიანი მიაყენა. 

კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს დამოუკიდებლობის რამდენიმე მიმართულებით გაძლიერებას, მაგალითად იურიდიული მაკონტროლებელი ორგანოს, ეროვნული სასამართლო საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ასევე განიხილება უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების რეფორმაცია, რათა ისინი დაცული იყვნენ პოლიტიკური გავლენისგან და მათ წინასწარი განაჩენების მისაღებად საქმეების ევროპული სასამართლოსთვის გადაცემა შეეძლოთ. 

კენჭისყრა 3 მაისს იმართება.

"თუ სასამართლო დამოუკიდებლობა მოგვარდება, ეს გახსნის საერთო პროგრამების უმრავლესობას". – თქვა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ბიუჯეტის კომისარმა, იოჰანეს ჰანმა.

სასამართლოს მიკერძოებულობის პრობლემის გამო ბრიუსელსა და ბუდაპეშტს არსებული უთანხმოების ფონზე, ევროკავშირმა ბუდაპეშტის ფულადი დახმარება გაყინა, მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა მცირდება, ინფლაციის მაჩვენებელი კი მაღალია და აპრილში მაქსიმუმს, 25.4%-ს მიაღწია. ამ გარემოებებმა ორბანის მთავრობას ბრიუსელთან მოლაპარაკებებისკენ უბიძგა. მას სურს, რომ ევროკავშირმა დაფინანსება განაახლოს. სასამართლო რეფორმაც ამ ყველაფრის ნაწილია.

POLITICO ევროკავშირის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიამ რეფორმებს "მწვანე შუქი" მისცა. ამ წინსვლის მიუხედავად, კომისიის პოლიტიკური მხარდაჭერა ჯერ კიდევ რამდენიმე თვით შორსაა და დიდი ალბათობით დამოკიდებული იქნება სხვა, მათ შორის ანტიკორუფციულ საკითხებზე მოლაპარაკებების პროგრესზე.

დეკემბერში ევროკომისიამ უნგრეთს საერთო ფონდებიდან 22 მილიარდი ევრო არ გამოუყო მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ბუდაპეშტი ვერ აკმაყოფილებდა ევროკავშირის წესდებას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით და ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ დებულებებს.

ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, სასამართლო რეფორმა უნგრეთს მისცემს წვდომას 13.2 მილიარდზე. საერთო ფონდის დანარჩენი თანხები სხვა მიზეზების გამოა ბლოკირებული. დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ და ევროკომისიამ გადაწყვიტა უნგრეთისთვის გაეყინათ 6.3 მილიარდის ოდენობის თანხა, პირობითობის მექანიზმის საფუძველზე, რაც არის ახალი ზომა, რომელიც ბრიუსელს აძლევს შესაძლებლობას წევრ ქვეყანას შეუზღუდოს დაფინანსება, თუ ის დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის. ამ თანხაზე შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ უნგრეთი ანტიკორუფციული ძალისხმევის ფარგლებში 17 ნაბიჯს გადადგამს. დარჩენილი 2,5 მილიარდი კი უკავშირდებ ევროკომისიასა და ორბანს შორის არსებულ კიდევ სამ უთანხმოებას: ე.წ. "ბავშვთა დაცვის კანონს", რომელიც ჰომოფობიურად მიიჩნევა, უნგრეთის მიერ თავშესაფრის მსურველთა მიმართ მოპყრობასა და უნგრეთის უნივერსიტეტების აკადემიურ დამოუკიდებლობას.

ამას გარდა, უნგრეთი პოსტპანდემიური აღდგენის ფარგლებში ელის €5.8 მილიარდის ოდენობის გრანტსა და €6.6-მილიარდიან ევროკავშირის იაფ სესხს. თუმცა ამისთვის საჭირო იქნება 27 პირობის შესრულება. სასამართლო რეფორმით მათი ნაწილი შესრულდება, თუმცა დასაკმაყოფილებელი იქნება 17 ანტიკორუფციული ნაბიჯიც.

კომენტარები