რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე: ჯერჯერობით მოლაპარაკებები უშედეგოა

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება დროთა განმავლობაში სულ უფრო წარმოუდგენელი ხდება. მისივე თქმით, მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეები შეთანხმებამდე ვერ მიდიან. 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დროებით 18 მაისამდე გაგრძელდა. რუსეთი სანაცვლოდ დასავლეთისგან რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლოდ შეთანხმების გაუქმებით იმუქრება. პესკოვის თქმით, დასავლეთი არ ცდილობს მათი პირობების დაკმაყოფილებას. 

"რუსეთის პოზიცია ყველასთვის ნათელია. შეთანხმება ორი თვით გაგრძელდა, თუმცა რუსეთის სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებული პირობები კვლავაც შეუსრულებელი რჩება. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია". - აღნიშნა პესკოვმა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, რუსეთი აცხადებს, რომ სურს მისი სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი Россельхозбанк კვლავ დაუკავშირდეს SWIFT-ის სისტემას და ტოლიატი-ოდესის მილსადენით ამიაკის მიწოდება აღდგეს. 

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ შავი ზღვის მარცვლეული შეთანხმება ჩიხშია შესული. ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, კვლავ არსებობს პრობლემები, რომლებიც რუსეთის მარცვლეულის ექსპორტს ხელს უშლიან.

25 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა მარცვლეულის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, 23 მარტს და 24 აპრილს უკრაინამ დაარღვია შეთანხმების გარანტიები, რომლებსაც თურქეთი უზრუნველყოფდა და ოკუპირებულ სევასტოპოლის სანაპიროზე განლაგებულ შავი ზღვის ფლოტს უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უეკიპაჟო კატერები გამოუშვეს ოდესის პორტის მიმდებარე წყლებიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ბრალდებაში წერს, რომ ქმედებები "საფრთხის ქვეშ აყენებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას 18 მაისის შემდეგ". 

რუსეთის თავდაცვის უწყება იხსენებს, რომ გასულ წელს მსგავსი ბრალდებების შემდეგ მარცვლეულის შეთანხმება დროებით შეაჩერეს და მხოლოდ თურქეთის მიერ გარანტიების მიცემის შემდეგ განაახლეს.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები