პარტია ქართული ოცნება

POLITICO: ვინ მართავს საქართველოს?

Daro Sulakauri/Getty Images

გამოცემა POLITICO აქვეყნებს სტატიას, სახელად - “ვინ მართავს საქართველოს?” 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთის რევანშისტულ ტრილოგიაში პირველი აღმოჩნდა, რასაც 2014 წელს ყირიმის ანექსია, ახლა კი უკრაინაში მიმდინარე ომი მოჰყვა. "მოსკოვი ყოველ ჯერზე ცდილობს, მეზობლის ტერიტორიაზე შეჭრას, თითქოსდა ეთნიკური უმცირესობების დასაცავად - სინამდვილეში კი, დასავლეთის ამბიციების დასასჯელად".

სტატიაში წერია, რომ გასაკვირი სულ არ არის, რატომ უჭერს 10 ქართველიდან 9 უკრაინას მხარს და რატომ მიიჩნევს რუსეთს მთავარ საფრთხედ. იდუმალება მხოლოდ იმაშია, თუ რატომ არ აკეთებს იმავეს ქართველების მიერ არჩეული მთავრობა.

სტატიის თანახმად, მმართველი პარტია, ქართული ოცნება ამჟამად რუსეთის სანქცირებაზე და უკრაინის შეიარაღებაზე უარს ამბობს. ავტორის აზრით, თავად საქართველო სანქცირებული საქონლის კერად გადაიქცა და სანქციებისგან თავის ასარიდებლად რუსეთისკენ მიმავალ ძველ სამხედრო გზატკეცილს აქტიურად იყენებენ.

სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისინი დასავლეთის სანქციების მოთხოვნებს ასრულებენ (თუმცაღა არ აწესებენ საკუთარ სანქციებს), ამერიკის შეერთებული შტატები ამ ნათქვამს ბოლომდე არ იჯერებს. POLITICO-ს სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო გაუვალი საზღვრებით ცნობილი არ არის და 2021 წლის ინციდენტი მოჰყავს მაგალითად, როცა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში "არაჟნის კონტეინერით შემოვიდა".

პუბლიკაციაში განხილულია ქართული ოცნების პოლიტიკოსების პოზიცია, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინისადმი მათი ნელთბილი დამოკიდებულება საღია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა - "მეტისმეტად უკბილო იმისთვის, რომ უკბინოს დათვს, რომელიც მას ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ხმელეთიდან, დასავლეთით ზღვით და სამხრეთით კი, სომხეთის საშუალებით აკრავს". ამასთანავე, ხაზგასმულია, პარტია ამაყობს იმით, რომ ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ერთადერთ მშვიდობიან ათწლეულს ხელმძღვანელობს. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მოლდოვამ, რომლის ნაწილი ასევე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მხარი დაუჭირა უკრაინას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდა. ფინეთმა ნეიტრალიტეტი NATO-ს წევრობისთვის გაცვალა. სომხეთმაც კი - პოსტსაბჭოთა თავდაცვის ბლოკის წევრმა - რუსეთის სამხედრო წვრთნები გააუქმა და მის ნაცვლად ევროპული სადამკვირვებლო მისია მიიწვია. 

სტატიის ავტორი სვამს კითხვას - რატომ ატარებს საქართველოს მთავრობა ამდენად არაპოპულარულ პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით. "ქართული ოცნება - პარტია, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აყალბებს არჩევნებს, ანადგურებს სასამართლოს დამოუკიდებლობას - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ამ არასასურველ საგარეო პოლიტიკას გრძელვადიანი მშვიდობის შესანარჩუნებლად აკეთებს?" - წერია სტატიაში.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანის მტკიცებით, მმართველი პარტია არა ქვეყანას, არამედ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება. "მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლიდან ივანიშვილი გაქრა და  ამტკიცებს, რომ პოლიტიკა დატოვა, ის ხარჯავს თავის დროსა და ფულს შავ ზღვაზე მრავალმილიონიან დენდროლოგიურ პარკში. ქართული ოცნების შიდა წყაროებზე დაყრდნობით, ივანიშვილი ძალაუფლებას კლავ ფლობს". - წერია სტატიაში. 

ავტორის თქმით, ქართული ოცნება საბოლოოდ ძალიან შორს წავიდა თავის პრორუსულ პოლიტიკაში და უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება სცადა. მისივე აზრით, სწორედ მსგავსმა კანონმა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება დაადუმა.

ავტორის შეფასებით, შესაძლოა, პუტინის ხელი აქაც მუშაობდა - ბოლოს და ბოლოს, ბოლო თვეებში პრორუსულმა მთავრობებმა აფხაზეთში და ყირგიზეთში მსგავსი კანონები შემოიღეს. ეს ნამდვილად საფრთხეს შეუქმნიდა, თუ არ გაანადგურებდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და მასთან ერთად საქართველოს რეალურ ოცნებებს, ხოლო "იმ პარტიისთვის, რომელიც ვერ ბედავს ღიად გადაუხვიოს დასავლეთის გზას, შესაძლოა სწორედ ეს იყო მთავარი".

სტატიის ავტორია არშან ბარზანი, Yale-ის სამართლის სკოლის სტუდენტი. 

კომენტარები