ჩინეთი

ჩინეთმა შაის კომენტარი, რომელიც პოსტ საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს ეჭქვეშ აყენებდა, წაშალა

ჩინეთის ელჩი საფრანგეთში, ლუ შაი
Martin Bureau/Getty Images

ჩინეთის საელჩომ საფრანგეთში ელჩი ლუ შაის ინტერვიუს ტრანსკრიპტი წაშალა, რომელშიც შაიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა

თავდაპირველად, საელჩომ შაის კომენტარები როგორც ჩინურ, ისე ფრანგულ ენებზე WeChat-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა, თუმცა, რამდენიმე საათში ტრანსკრიპტი წაიშალა. სრული ინტერვიუ ასევე არ გამოქვეყნებულა საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

ლუ შაიმ ფრანგულ ტელევიზია LCI-თან ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს საერთაშორისო სამართალში "ეფექტური სტატუსი" არ აქვთ. 

კითხვაზე, ეკუთვნის თუ არა ყირიმი უკრაინას, ლუმ თქვა, რომ "ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამ პრობლემას" და განაგრძო, რომ ყირიმი ისტორიულად რუსეთის ნაწილი იყო და უკრაინას ის ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გადასცა. 

"საერთაშორისო სამართალში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს სტატუსიც კი არ აქვთ [ეფექტური სტატუსი], რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მათ სუვერენულ ქვეყნებად მატერიალიზაციას ახდენს". - აღნიშნა შაიმ. 

ჩინეთის ელჩის განცხადებამ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის მაღალჩინოსნების აღშფოთება გამოიწვია. 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ლუ შაის კომენტარს Twitter-ზე გამოეხმაურა და თქვა, რომ რიგაში ჩინეთის საელჩოს უფლებამოსილი რწმუნებული მისი განცხადების განსამარტად გამოიძახა და ლატვიამ ეს გადაწყვეტილება ლიტვასა და ესტონეთთან შეთანხმებით მიიღო. 

რინკევიჩმა შაის პოზიციას სრულიად მიუღებელი უწოდა და დასძინა, რომ ლატვია ჩინეთისგან ამ განცხადების სრულ უარყოფას ელის. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ კომენტარებს "მცდარი" და "ისტორიის არასწორი ინტერპრეტაცია" უწოდა. 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შაის ინტერვიუ Twitter-ზე შემდეგი კომენტარით გააზიარა: "თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, რატომ არ ენდობა ბალტიის ქვეყნები ჩინეთს "უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში", გაეცანით ჩინეთის ელჩის კომენტარს, რომელიც ამტკიცებს, რომ ყირიმი რუსულია და ჩვენი ქვეყნების საზღვრებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი". 

კომენტარები