რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რაღაც მხრივ, მიზნებს მივაღწიეთ" – პრიგოჟინი ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს

ევგენი პრიგოჟინი

რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურად მხოლოდ სამართლიანი ბრძოლა: არანაირი შეთანხმება, რომელშიც ის უკრაინაში მიმდინარე ომზე, კერძოდ ქალაქ ბახმუტში მიმდინარე ბრძოლებზე, კიევის კონტრიერიშზე, აშშ-ს სადაზვერვო დოკუმენტების გაჟონვაზე, რუსეთის შესაძლო მომავალზე, ომის დასრულების აუცილებლობასა და შეთანხმებებზე უარის თქმაზე საუბრობს.

პრიგოჟინის მტკიცებით, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ანუ უკრაინაში მიმდინარე ომში, საჭიროა "დიდი წერტილის დასმა" და, მისივე აზრით, საუკეთესო ვარიანტი ამ "ოპერაციის" დასრულების გამოცხადება იქნება. რუსი ოლიგარქი თვლის, რომ მათ უკრაინაში გარკვეულ მიზნებს მიაღწიეს. 

"[რუსეთის] ხელისუფლებისთვისა და საზოგადოებისთვის დღეს აუცილებელია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების გამოცხადება, ყველასთვის იმის შეტყობინება, რომ რუსეთმა მიაღწია იმ რეზულტატებს, რომლებსაც გეგმავდა და რაღაც მხრივ ჩვენ მართლაც მივაღწიეთ მათ. ჩვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლთა დიდი რაოდენობა გავანადგურეთ და ჩვენი შეგვიძლია ჩვენ თავს ანგარიში ჩავაბაროთ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დავალებები შესრულებულია". – წერს პრიგოჟინი.

ვაგნერის დამფუძნებელი თვლის, რომ რუსეთს მხოლოდ დაკავებულ ტერიტორიებზე განმტკიცება და "ჩაბღაუჭება" სჭირდება. 

"თეორიულად, რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიურ მამაკაცთა მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურებით, მისი სხვა, ევროპაში გაქცეული, ნაწილის შეშინებით. რუსეთმა ჩამოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაჭერი, დაიკავა უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და ყირიმთან სახმელეთო დერეფანი შექმნა. ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩება: მტკიცედ გავმყარდეთ, ჩავებღაუჭოთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც უკვე გვაქვს".  – ფიქრობს რუსი ოლიგარქი.

თუმცა, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში ერთი პრობლემაც არსებობს. 

"თუ აქამდე უკრაინა ადრინდელი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა ეს აბსოლუტურად ეროვნულად ორიენტირებული სახელმწიფოა." – აღნიშნა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა განიხილა ორი ვარიანტი იმ შემთხვევების, რა მოხდება, თუ რუსეთის ხელისუფლება "დრამატულ პაუზაზე" უარს იტყვის და უკრაინა კონტრიერიშს დაიწყებს. მისი აზრით, შესაძლოა ეს კონტრშეტევა წარუმატებელი იყოს, უკრაინელებმა დიდი დანაკარგები ნახონ და რუსეთმა საპასუხო თავდასხმა დაიწყოს, თუმცა, როგორც თავად ოლიგარქმა აღნიშნა, მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს, სულ მცირე, "ნაკლებად სავარაუდოა". მისივე აზრით, მეორე შემთხვევაში, უკრაინელები რუსეთის თავდაცვითი ხაზის გარღვევას შეძლებენ.

"2023 წლის 24 თებერვლისთვის არსებული საზღვრების შენარჩუნება არის გაცვლა, რომლის შეთავაზებაც აშშ-ს რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ახლაც შეუძლია, მოლაპარაკებების პოზიციის სახით. სწორედ ამისთვისაა საჭირო "დრამატული პაუზა". თუ მთავრობა უარს იტყვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევას დაიწყებენ. ამ სიტუაციაში შესაძლოა მოვლენების სხვადასხვაგვარი განვითარება. ერთ-ერთია - უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის თავდაცვას (თავდაცვის ხაზს) დაეტაკებიან, მიიღებენ სერიოზულ დანაკარგებს, რის შემდეგაც დაიწყება რუსეთის ფედერაციის სამხედროების კოლოსალური კონტრიერიში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ან დნეპრის, ან იქნებ პოლონეთის საზღვრებამდეც კი. მაგრამ, დღევანდელი დინამიკისა და პრობლემების გათვალისწინებით, ასეთი კონტრიერიში, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სავარაუდოა. მეორე ვარიანტია, უკრაინის არმია კონტრშეტევას დაიწყებს და სადღაც თავდაცვის გარღვევას შეძლებს". – წერს პრიგოჟინი.

პრიგოჟინის აზრით, თუ უკრაინელი სამხედროები რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევას შეძლებენ, ჯარი, რომელიც თავს ერთ-ერთ საუკეთესო არმიად თვლიდა, საბრძოლო განწყობას დაკარგავს და სიტუაცია უარესობისკენ წავა. მან მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში იაპონიისა და ფინეთის ომები მოიყვანა.

"ამ შემთხვევაში, ჯარში, რომელიც წლების განმავლობაში მიიჩნევდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არმიაა, შესაძლოა თავდაპირველად დაიწყოს განწყობის დაცემა, შემდეგ კი სიტუაცია დეგრადაციისკენ წავა, როგორც ეს უკვე მოხდა XX საუკუნის დასაწყისის დამმარცხებელ ომებში – ფინეთის, იაპონიისა და 1917 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს". – ფიქრობს ვაგნერის დამაარსებელი.

მისივე აზრით, ამან შესაძლოა რუსეთის საზოგადოება დიდ ცვლილებამდე მიიყვანოს. ის ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერს "განზე განმდგარებს", რომლებსაც პრიგოჟინი ეძახის ე.წ. "სიღრმისეული სახელმწიფოს" წარმომადგენლებს, ანუ მათ, ვინც, მისი აზრით, ცდილობენ "სამხედრო ძალისხმევაში მონდომება არ გამოიჩინონ", "სამხედრო მოქმედებების თეატრისგან მაქსიმალურად შორს იმყოფებიან" და "ცდილობენ არ დაკარგონ თავიანთი კაპიტალი".

"ამან შესაძლოა რუსულ საზოგადოებაში გლობალური ცვლილებები გამოიწვიოს. ხალხი უკვე ეძებს დამნაშავეს იმაზე, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია არ ვართ და ასეთ სიტუაციაში ისინი დაიწყებენ "განზე განმდგართა" ძიებას". – წერს პრიგოჟინი.

პრიგოჟინი თვლის, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი შესაძლოა "ფსკერზე დაეცეს", თუმცა საზოგადოებრივი გარდაქმნის შედეგად "ამოვარდეს" და "გზად ყველაფერი წალეკოს, მათ შორის აშშ-ს გეგმებიც".

მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინის აზრით, აუცილებელია ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების გამოცხადება, ის თვლის, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას შეთანხმებებზე. ოლიგარქი თავადვე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ შეჩერება, მხოლოდ დროებითი იქნება. 

"ვაჯამებ. უკრაინელები იერიშისთვის მზად არიან. ჩვენ მზად ვართ დარტყმის მოსაგერიებლად. რათა რუსეთი შეიკრას და უძლიერეს სახელმწიფოდ იქცეს, საუკეთესო სცენარი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიში, რომლის ფარგლებში ყველანაირი დათმობა და მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება. და უკრაინის შეიარაღებული ძალები ან სამართლიან ბრძოლაში განადგურდებიან, ან რუსეთი ჭრილობებს მოიშუშებს, კუნთებს დაიბერავს და მოწინააღმდეგეებს ხელახლა დაგლეჯს სამართლიან ბრძოლაში. ამიტომ ვთვლი, რომ შეთანხმების ვარიანტი რუსეთის მომავლისთვის შეუძლებელია". – წერს პრიგოჟინი.

კომენტარები