NATO-რუსეთი

შოიგუ: ბელარუსული თვითმფრინავების ნაწილმა ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა მიიღო

სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, ბელარუსული სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავების ნაწილმა ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა მიიღო. 

"ბელარუსის მოიერიშე ავიაციის თვითმფრინავების ნაწილმა მიიღეს მოწინააღმდეგის ობიექტებზე ბირთვული იარაღით დარტყმის შესაძლებლობა". – თქვა შოიგუმ. 

ამას გარდა, შოიგუმ აღნიშნა, რომ ბელარუსის არმიას გადასცეს ბირთვული შესაძლებლობის Искандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების სისტემები. 

შოიგუს თქმით, ეს ხდება NATO-ს მიერ რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან საბრძოლო მზადყოფნისა და სადაზვერვო აქტიურობის გაზრდის პასუხად.

25 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ. 

პუტინის თქმით, ამ ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ. მან ასევე დაამატა, რომ ბელარუსი დიდი ხანი ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

23 მარტს ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდა, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებდა. 

20 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ანაბელ გოლდიმ თქვა, რომ უკრაინას, Challenger 2-ის ტანკების გარდა, გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებსაც გადასცემენ. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ უკრაინისთვის მსგავსი ჭურვების გადაცემის შემთხვევაში რუსეთს მოქმედება მოუწევს.

რუსეთს ჯერ კიდევ იანვარში ეშინოდა, რომ დასავლეთი უკრაინას ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდა. 25 იანვარს ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების მოლაპარაკებებზე რუსეთი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ გავრილოვმა თქვა, რომ თუ დასავლეთი საკუთარი ტანკებისთვის უკრაინას ურანის შემცველ ჭურვებს მიაწვდიდა, მოსკოვი ამას ე.წ. "ბინძური ბომბის" გამოყენებად ჩათვლიდა.

ურანის შემცველობის მიუხედავად, მსგავსი ჭურვები ბირთვულ იარაღს არ წარმოადგენს.

ტაქტიკური ბირთვული იარაღი სტრატეგიულთან შედარებით დაბალი სიმძლავრისაა და მისი მიზანი ბრძოლის ველზე ტაქტიკური ობიექტების განადგურებაა. რუსეთის შეიარაღებაში ბირთვული შესაძლებლობის მქონეა ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემები.

კომენტარები