რუსეთი-უნგრეთი

Bloomberg: უნგრეთმა პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა

უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერის შესახებ. უნგრეთის ვეტოს გამო უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განცხადება საკუთარი სახელით გამოაქვეყნა.

"ევროკავშირი ICC-ის გადაწყვეტილებას მიიჩნევს რუსეთის ლიდრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესის დასაწყისად იმ დანაშულებისა და სისასტიკისთვის, რომელთა ჩადენის ბრძანებასაც უკრაინაში გასცემენ". – თქვა ბორელმა.

ევროკავშირის ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა ასევე გაავრცელეს ICC-ის გადაწყვეტილების მხარდამჭერი ერთობლივი განცხადებაც, რომელსაც უნგრეთმა ხელი არ მოაწერა.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უნგრეთის მთავრობა და პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი  გამოირჩევა ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობით. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის ხელისუფლება უმეტესად ხმას აძლევდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მან არაერთხელ შეიკავა თავი რუსეთზე ისეთი მკაცრი თავდასხმებისგან, როგორც ეს სხვა დასავლელმა ლიდერებმა გააკეთეს.

17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში". მოსკოვმა განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს

კომენტარები