რელიგიური ინდოქტრინაცია საჯარო სკოლებში

სეკულარული სახელმწიფოს იმიტაცია – რელიგიური ინდოქტრინაცია საქართველოს საჯარო სკოლებში

რელიგიური ინდოქტრინაცია საჯარო სკოლებში

სეკულარული სახელმწიფოს იმიტაცია – რელიგიური ინდოქტრინაცია საქართველოს საჯარო სკოლებში

"არ უნდა იქნას მიღებული არცერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას, ან ხელს შეუშლის მის თავისუფალ აღმსარებლობას" - აშშ-ის კონსტიტუცია, 1-ლი შესწორება, 1791

კონსტიტუციური ჩარჩო

საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების შესახებ, რომელიც 2005 წელს შევიდა ძალაში, ეფუძნება საჯარო სკოლასა და რელიგიას შორის ურთიერთობის მოწესრიგების ამერიკულ მოდელს, რომელიც ამგვარი შინაარსისაა: არანაირი მხარდაჭერა რელიგიას და ამავდროულად, არანაირი წინააღმდეგობა რელიგიას. აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით განსაზღვრული პრინციპით საჯარო სკოლა და რელიგია ერთი მეორისგან უნდა იყოს გამიჯნული, აკადემიური პროცესი სკოლაში უნდა იყოს რელიგიური გავლენისა და რელიგიური ინტერესის საფუძველზე მთელი რიგი ქმედებებისგან დაცლილი.

გამიჯვნა არ გულისხმობს სრულ სეპარაციას (თუმცაღა ამგვარი მიდგომა აქვთ, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც არც მოსწავლეებს აქვთ უფლება, რომ რელიგიური სამოსით იარონ ან ილოცონ სკოლაში) რელიგიასა და სკოლას შორის, არამედ გულისხმობს კონკრეტული აქტორების მხრიდან გამიჯვნას - იქნება ეს ადმინისტრაცია, პედაგოგები თუ რელიგიური ინსტიტუტები. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად მოსწავლეები არ უნდა იყვნენ შეზღუდული რელიგიური სიმბოლოების გამოყენებასა და თავიანთი რელიგიური ინტერესის განხორციელებაში არააკადემიურ დროს - თუკი მოსწავლეთა ჯგუფს სურვილი გაუჩნდება, მათ შეუძლიათ, სკოლაში რელიგიური საკითხების განსახილველი წრე შექმნან.

ამრიგად, ქართული კანონმდებლობა ზოგადი განათლების შესახებ ითვალისწინებს საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, რელიგიური სიმბოლოების გამოფენის აკრძალვას არააკადემიური მიზნით. რელიგიური სიმბოლოების გამოყენება შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ემსახურება სწავლებას, მაგალითად, ისტორიის, რელიგიის ისტორიას ან სხვა აკადემიური საგნისა, სადაც ყოფიერება რელიგიურ სიმბოლიკასთან განზავებულია. 

2005 წელს მიღებულმა კანონმა ზოგადი განათლების შესახებ რელიგიური ნეიტრალიტეტი განსაზღვრა, როგორც საჯარო სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი.

მუხლი 3:  “სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან”.

მისი მიზანია, ყველა მოსწავლისთვის შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობისა და ტოლერატონის პრინციპებზე.

მუხლი 13: “დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება”.

მოქცევაი ქართლისაი

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა შეიცვალა, ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია საჯარო სკოლებში ხშირად ვერ/არ ხერხდება. ამის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ საპატრიარქოსთან (რომლის “განსაკუთრებული როლი” ქვეყნის ისტორიაში კონსტიტუციითაა აღიარებული) ურთიერთობის გამწვავების შიშის გამო ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა გამბედაობა, პრობლემა უფრო რადიკალური გზებით აღმოეფხვრა. ამიტომაც, პროზელიტიზმი და მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ინდოქტრინაცია დიდხნიანი პრაქტიკაა საქართველოს საჯარო სკოლებში.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ტაბულასთან საუბარში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობისას მომხდარ შემთხვევებს იხსენებს. მისი თქმით, იყო პრაქტიკა, როდესაც იეჰოვას მოწმეთა ოჯახიდან ბავშვი მონათლეს. ონის რაიონში სკოლის მოსწავლე ბიოლოგიის მასწავლებელმა მონათლა ისე, რომ მას არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინათლებოდა. 

რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევას ადგილი ჰქონდა “სამშობლოთმცოდნეობის” ონლაინ გაკვეთილებზეც. 2020 წელს, გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის დროს მოსწავლეებს შესთავაზეს, ონლაინ დასწრებოდნენ საგანს, რომელსაც “სამშობლოთმცოდნეობა” ერქვა. გაკვეთილები ძირითადად მართლმადიდებლობას ეხებოდა. სახალხო დამცველის თქმით, “სამშობლოთმცოდნეობის” გაკვეთილები კონფესიური ხასიათის იყო - აგებული მართლმადიდებლობაზე, დატვირთული დისკრიმინაციული შეხედულებებით. 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკური ურთიერთობების ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაწყებითი სკოლების მასწავლებლების 80% იმყოფება რელიგიური განსხვავებების მიმართ ინტერკულტურული მგრძნობელობის ეთნოცენტრულ ფაზაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლები თავიანთ როლს ხედავენ "რელიგიური უმცირესობების მოსწავლეების სწორ გზაზე დაყენებაში“. მათი აზრით, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მოსწავლეების "ჭეშმარიტ რელიგიაზე“ მოქცევა მულტიკულტურული ან ტოლერანტობის მხარდამჭერი სტრატეგიაა. გარდა ამისა, მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ რელიგიისა და კულტურის სწავლების პრაქტიკა საკმაოდ პოზიტიური გამოცდილება იყო, რადგან ამან ხელი შეუწყო მუსლიმი სტუდენტების გაქრისტიანებას.

ბევრი ასეთი შემთხვევა არ ხმიანდება. იმ გარემოს გათვალისწინებით, რომ საქართველოში გვყავს აგრესიული უმრავლესობა, ასევეა სკოლაშიც.

[...] შემთხვევები ერთეულია სწორედ იმიტომ, რომ არ სურთ მდგომარეობის გართულება. სახალხო დამცველის აპარატმა რამდენჯერმე სცადა გამოკითხვებით ინფორმაციის მოპოვება, დავიწყეთ რეაგირება, თუმცა სამინისტრო გვეუბნება - გვითხარით, კონკრეტულად ვინ არიან. კონკრეტული შემთხვევის დადგენა რთულია, მშობლები თვითონ არ იზიარებენ პრობლემას “ - ამბობს ტაბულასთან საუბარში ბექა მინდიაშვილი.

გამჟღავნებული შემთხვევების სიმწირის გამო ტაბულამ ონლაინ ფოკუს ჯგუფიც ჩაატარა, სადაც თავისუფალი უნივერსიტეტის მე-2 - მე-3 კურსის სტუდენტებმა საჯარო სკოლაში სწავლის თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს.

“ქართულის მასწავლებელი სწავლის დაწყების წინ ლოცვას მაკითხებდა მთელი კლასის დასალოცად, ყოველი ქართულის გაკვეთილზე  მე-7 კლასში, მერე დირექტორმა მოუჭირა და შეწყდა ჩემი მარტვილობა. მასწავლებელი ჩვენ გვეჩხუბა, არ გინდათ და ნუ გინდათ სულის მოფრთხილებაო.” - ამბობს ფოკუს ჯგუფის მონაწილე მამაკაცი.

“ჩემი ქართულის მასწავლებელი თავის სადამრიგებლოში ყოველ დილას საკმეველს ანთებდა, პირველ სართულზე ჰქონდა კლასი, საკმეველს აანთებდა, ხატებთან დგებოდა და ლოცულობდა ეს ქალი, მე მხოლოდ სუნით ვხვდებოდი, შიგნით მერე რა ხდებოდა, არ ვიცი“ - გვიყვება მე-2 კურსის სტუდენტი ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მიღებულ გამოცდილებაზე.

“მახსოვს, ფეხზე აგვაყენა მასწავლებელმა და ღვთისმშობლის ტროპარი გვათქმევინა“ - ამბობს მამაკაცი.

ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფმა აჩვენა, რომ რელიგიური ნიშნები მოსწავლეების ყოველდღიურ აკადემიურ ცხოვრებაში მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ხშირად იჭრებოდა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ რვა სკოლაში ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში ადგილი ჰქონდა რელიგიის კონფესიურ სწავლებას.  ძველი აღთქმა ისწავლებოდა მე-3 და მე-4 კლასებში, ხოლო ახალი აღთქმა მე-5 და მე-6 კლასებში. სწავლებისთვის გამოყენებული სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროსგან არც დამტკიცებული იყო და არც მასთან კოორდინირებული. თავად სამინისტრომ თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ამ კონკრეტულ სკოლაში რელიგიის სწავლების შესახებ. მეტიც, სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სკოლა ასწავლის რელიგიას ქვეყნის მასშტაბით.

როგორც ჩანს, მშობლებს ურჩევნიათ, არ გაასაჩივრონ მსგავსი პრობლემები, ვინაიდან ამას ხშირად მოყვება არა მოსწავლისა და მშობლის ინტერესების დაცვა, არამემდ მათი შვილის ჩაგვრის გაღრმავება.

ვინ გვმოძღვრავს?

პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია რელიგიის სწავლების სწორი მიდგომის გამოვლენა ქართულ კონტექსტში. მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ტერმინები “რელიგიის სწავლება” და “სწავლება რელიგიების შესახებ”. რელიგიის სწავლება არის კონფესიური რელიგიური განათლება და ტრადიციულად მიმართულია ქადაგებაზე. მეორეს მხრივ, სწავლება რელიგიების შესახებ არის არაკონფესიური რელიგიური განათლების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს შემეცნებას სხვადასხვა რელიგიური რწმენისა და პრაქტიკის შესახებ, რათა ახალგაზრდა თაობებმა განივითარონ სოციალური შემწყნარებლობა, რომლისკენაც უნდა მიისწრაფვოდნენ დემოკრატიული ქვეყნები.

“რელიგია უნდა ისწავლებოდეს, როგორც ფენომენი, როგორც ღირებულებათა საფუძველი, როგორც კულტურული პარადიგმები, ვინაიდან რელიგიური პარადიგმები კულტურის, პოლიტიკის, მეცნიერების, ლიტერატურის საფუძველშია. ვერ დამისახელებთ ადამიანური არსებობის ვერცერთ სფეროს, რომლის საფუძველშიც არ იყოს რელიგია” - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

თუმცა, ტაბულასთან საუბარში ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული რეალობა აბსოლუტურად მოუმზადებელია რელიგიების სწავლებისთვის, ვინაიდან არ არსებობენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე პედაგოგები.

“პედაგოგების დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, მედიუმებს წარმოადგენდნენ მოძღვრების ხელში - ბავშვებს ასწავლიან არა გეოგრაფიას, ფიზიკას, მათემატიკას, არამედ უმრავლესობა მასწავლებელბისა, არის მრევლი. თანაც, ის ცოდნა, რაც მრევლში ტრიალებს, არ შეესაბამება არა თუ თანამედროვე, არამედ არანაირ ცოდნას ქრისტიანობის შესახებ.

[..] ეს სინამდვილეში არის ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, ანტიკულტურული, ანტისამეცნიერო ვულგარული მიმართებები სამყაროსადმი.” - ამბობს მინდიაშვილი.

საქართველოში არ არსებობს რელიგიის მასწავლებელთა სტანდარტი. შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ რელიგიის მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამები.  ამიტომ, რელიგიის სწავლების ცალკე საგნად დანერგვა საქართველოში შეიძლება პრობლემატური იყოს. არაკვალიფიციური მასწავლებლები და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამების არარსებობის გამო სამინისტრომ 2005 წლის რეფორმის პროცესში რელიგიის სწავლების სავალდებულო საგნად შემოღების იდეა უარყო. კვალიფიციური კადრის ნაკლებობა განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა და წარმოადგენს. ამიტომ, რეფორმის დასაწყისშივე, რელიგიის სწავლების გეგმის შემუშავების მიუხედავად, სამინისტრომ უარი თქვა ამ საგნის სავალდებულოდ შემოღებაზე.

გაურკვეველია, რა ბედი შეიძლება ეწიოს რელიგიების შესახებ სწავლებას საქართველოს განათლების სისტემაში და არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ მისი დანერგვა ახლო ან შორეულ მომავალში რეალური გახდეს, თუმცა თავად ბექა მინდიაშვილი ამ შესაძლებლობებს უიმედოდ უყურებს.

კომენტარები