რუსული კანონი

დაე, რეკოს თავისუფლების ზარმა – მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

რუსული კანონი

დაე, რეკოს თავისუფლების ზარმა – მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

"ამ რწმენით ჩვენ შეგვიძლია, 

ერთად ვიშრომოთ,

ერთად ვილოცოთ,

ერთად ვიბრძოლოთ, 

ერთად წავიდეთ ციხეში თავისუფლებისათვის,

იმ იმედით, რომ ერთხელაც თავისუფლები ვიქნებით.

მე თქვენ გეუბნებით, მეგობრებო, დაე, თავისუფლების ზარმა

რეკოს"!

ეს სიტყვები ეკუთვნის მარტინ ლუთერ კინგ უმცროსს და ნაწილია იმ ეპოქალური სიტყვისა, რომელიც ცნობილია, როგორც - I have a dream.  ჩვენმა ქვეყანამ უკვე 30 წელზე მეტია, რაც დამოუკიდებლობას მიაღწია, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა და ამ საქმეში ყველა თაობამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. თავისუფლების ზარმა უნდა რეკოს ყველა თაობაში და თითოეულ თაობაში არა ერთხელ ან ორჯერ არამედ სულ, მუდამ. ეს, რაღა თქმა უნდა, ყველას გააზრებული გვაქვს, მაგრამ ამისი გააზრება ჩევნ არ გვიცავს არც ბრაზისაგან და არც გულის ტკივილისგან, როცა ვხედავთ, რომ ჭაკად არის თავისუფლების საქმე. 

მევლანა რუმი ამბობდა, რომ ტკივილს, რომელსაც ჩვენ განვიცდით, არ უნდა გავექცეთ, ჩვენ მას ისევე უნდა დავუგდოთ ყური, როგორც კარზე მომდგარ მოციქულს. ნეტა, ახლა რას გვეუბნებიან ტკივილის მოციქულები დღეს, მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა  ქალბატონი, რომელიც ევროპის დროშით ხელში შეუპოვრად დაუპირისპირდა ძალადობის მანქანას.

ტკივილის მოციქული დღეს მე იმას მეუბნება, რომ ეს კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო, ტირანიის სუნადა ყარს. როდესაც ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარი, ყველა მხარდამჭერი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ქართული დემოკრატიისა, გირჩევს, გთხოვს, გემუდარება, რომ ხელი აიღო ამ კანონზე და მასთან დაკავშირებულ ასპირაციებზე - რატომ არ გვინდა, რომ ყური დავუგდოთ და გავუგონოთ?!

ტკივილის მოციქული კიდევ იმას მეუბნება, რომ ის ხალხი, ვისი იმედიც ჩვენ გვქონდა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე იდგებოდნენ, ახლა ამ კანონის მებაირახტრეებად გვევლინებიან. არავინ იცის, რატომ და როგორ. იქნებ თავად ეს ადამიანები არიან პირველი მსხვერპლი ყველასთვის დაფარული ძალადობისა, რაც ჩვენთვის უცნობია. თუმცა ეს ასე რომც იყოს, ეს  ვერანაირად  ვერ გამოდგება მათი საქციელის გასამართლებლად.

ტკივილის მოციქული კიდევ იმას მეუბნება, რომ ჩვენ შორის ახლა სურვილი არის გაჩენილი, რომ დათვს ბაბაია დავუძახოთ და მეგობარს - ბუა. ბრუტალურ ძალასთან ურთიერთობაში დამშვიდებისა და ლაქუცის პოლიტიკა არასდროს არ ჭრის. შეგედად იმას მიიღებ, რომ დათვი ამით ბაბაიად არ იქცევა და მეგობრებსაც დავკარგავთ.

ტკივილის მოციქული კიდევ იმას მეუბნება, რომ ჩვენს ხალხში თავისუფლებისაკენ სწრაფვა სულაც არ განელებულა და რაკი ეს ასეა, ამ ქვეყანას მომავალი ნამდვილად ექნება. მომავალი, რომელიც სავსე იქნება ადამიანის ღირსების პატივისცემით, თანასწორობის განცდით, განსხვავებულობის დაფასებით და ზეიმით, ემპათიით, სოლოდარობის გრძნობით და საყოველთაო კეთილდღეობით.

ტკივილის მოციქული კიდევ იმას მეუბნება, რომ ეს დაქსაქსულობა და ერთობის არქონა საზოგადოების ყველა სფეროში შედეგია იმ სავალალო რეალობისა, რომელშიაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთი საზოგადოება არა ვართ, რომელიც სასტიკად პოლარიზებულია. ეს ხდება ახლა თითქმის ყველგან, მაგრამ ჩვენისთანა ახალბედა დემოკრატიისათვის  და ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს პოლარიზება შეიძლება ფატალური შედგებით დამთავრდეს ყველასთვის.

ერთი ციდა ქვეყანა ვართ და ერთი მუჭა ხალხი ვართ: რატომ არ შეიძლება, რომ  - ჩვენი მომავლის ხათრით და ჩვენი წარსულის პატივისცემით, -  ჩვენი ამბიციები განზე გავწიოთ, ერთმანეთს ყური დავუგდოთ, საუკეთესო აზრს ჩავებღაუჭოთ და ერთად ვიშრომოთ თავისუფლებისა და აყვავებისათვის ჩვენს ქვეყანაში.

ტკივილის მოციქული იმასაც მეუბნება, რაც ზემოთ დავწერე - ინფანტილურია და გულუბრყვილო. ამაში უპირობოდ ვეთანხმები. თუმცა თუ გულუბრყვილოდ არ დავიჯერებთ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, - რომ ესქატოლოგიურ ხვალეში თხა და მგელი ერთად მოძოვს, რომ სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე, რომ ოდესმე მშვიდობა დაისადგურებს ამ სამყაროში  - ამის გარეშე გაუსაძლისი იქნება ცხოვრება და შეუძლებელი იქნება ბრძოლა თავისუფლებისათვის.

ჰოდა, მაშ რეკოს თავისუფლების ზარმა და გამოგვაფხიზლოს საღათას ძილისაგან დიდი და პატარა, ერი და ბერი.

კომენტარები