რუსული კანონი

NGO-ები: მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა

სპეცრაზმელები 2023 წლის 7 მარტის აქციის დარბევაზე.
Irakli Gedenidze/Reuters

ათი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წლის 7-8 მარტს, არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. NGO-ები აღნიშნავენ, რომ მათ შორის,  ადგილი ჰქონდა მასობრივ დაკავებას. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმოქმედონ საკუთარი მანდატის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პატივისცემით.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის (აგენტების) შესახებ რუსულ კანონპროექტებს უკვე დღეებია, განგრძობადი მშვიდობიანი პროტესტი უძღვის წინ. 6 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებას საჯაროდ აცნობა, რომ კანონპროექტებს განიხილავდნენ 9 მარტის სხდომაზე. თუმცა, მოულოდნელად, 7 მარტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ქართულმა ოცნებამ დაუსაბუთებლად შეცვალა დღის წესრიგი და ხუთშაბათს განსახილველი საკითხი ორი დღით ადრე გადმოწია. პროცესები ფართო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს მათ მიერ კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგების მიზნებს. ის აზიანებს საპარლამენტო პროცესების სანდოობას, გამჭვირვალობას და განჭვრეტადობას  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

პლენარული განხილვის დაანონსებიდან მალევე რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 16:00 საათიდან შეკრება დაიწყეს რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის მქონე მშვიდობიანმა მოქალაქეებმა. იმ დროს, როდესაც აქცია მიმდინარეობდა აბსოლუტურად მშვიდობიანად და შეკრების უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის ობიექტური საჭიროება არ არსებობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20:43 საათზე გაავრცელა განცხადება ძალის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. 2023 წლის 7-8 მარტის ღამეს ხელისუფლებამ რამდენიმე სპეციალური საშუალება გამოიყენა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი. Სპეციალური საშუალებები ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ სტანდარტებს. 

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია მშვიდობიანი შეკრების უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის გარანტიები. მეტიც, დადგენილი სტანდარტია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვლენილ იქნება მანიფესტაციის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეების მიერ შეუსაბამო ქცევა, ხსენებული არ აქცევს  მშვიდობიან აქციას ავტომატურად არამშვიდობიანად. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, გამიჯნონ მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები. მხოლოდ ერთეული იზოლირებული ძალადობის ან ძალადობრივი ქმედების გამოვლენა ზოგიერთი მონაწილის მხრიდან დემონსტრაციის განმავლობაში არ არის თავისთავად მყარი საფუძველი იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრების თავისუფლება შეიზღუდოს. სამართალდამცავები არ უნდა მოეპყრონ შეკრებილ ხალხს ერთგვაროვნად მონაწილეთა დაკავებისას ან (როგორც უკანასკნელი საშუალება) შეკრების ძალის გამოყენებით დაშლისას. ძალის გამოყენება აქციის იმ მონაწილეთა მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობის გამწევთა რიგებში არ არიან, არ არის გამართლებული, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების მცირე ჯგუფი შეიძლება პოლიციას უპირისპირდებოდეს.

აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ 7-8 მარტს სამართალდამცავთა მიერ არსებითად მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების უფლებაში ჩარევა არ იყო ლეგიტიმური. შსს-ს მიერ გაკეთებული პირველივე ჩარევა იყო უკანონო და არაპროპორციული ზომა. უხეშად დაირღვა კანონი, როდესაც პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებზე მყოფი დემონსტრანტების მიმართ პოლიციამ წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. Პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების გაფრთხილება სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების შემდეგ დაიწყო. Პოლიციის მხრიდან კანონის უხეშად დარღვევამ და ძალადობამ გამოიწვია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ნაწილის გაღიზიანება. უკვე შემდგომ განხორციელებული ჩარევების დროს კი, პოლიცია სათანადოდ ვერ ახერხებდა მშვიდობიანი უმრავლესობისა და პოლიციასთან დაპირისპირებაში შესული მცირე ჯგუფის დიფერენცირებას. მთლიანობაში, აქციაზე პოლიციამ ძალის მასობრივი მობილიზებით მშვიდობიანი შეკრების  მონაწილეებისთვის დამაშინებელი და სახიფათო გარემო შექმნა.

შემაშფოთებელია, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულთაგან ზოგს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, ზოგიერთი მათგანი, კი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი. 

შემაშფოთებელია, რომ დაკავებულების დიდი ნაწილის ზუსტი ადგილსამყოფელი და მდგომარეობა ოჯახებისა და ადვოკატებისთვის არაა ცნობილი. გუშინ საღამოდან უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ცხელი ხაზის ნომერზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებისა და მეგობრების ზარებს, რომლებსაც არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია მათი ახლობლების მდგომარეობასთან დაკავშირებით. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები ცდილობენ მოიძიონ დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის ორგანიზაციებისთვის სულ 42 დაკავებული პირის ვინაობაა ცნობილი. ისინი ამ დრომდე არ გადაუყვანიათ სასამართლოში და, შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების პირობებში რჩებიან. დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გადანაწილებულები, რაც მათთან დაკავშირებას და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევას საგრძნობლად ართულებს. 

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს იმოქმედონ საკუთარი მანდატის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პატივისცემით" - ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები;
  • დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და  დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: 

  • უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიება. 
  • თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. 

"ხელმომწერი ორგანიზაციები განაგრძობენ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, მათი ინტერესების სასამართლოში დაცვას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, Საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, უფლებები საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), Საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), Პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR), Სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

კომენტარები