სურსათის ფასი

სურსათის გაიაფების პროცესი დაწყებულია, ბევრმა ქსელმა დაიწყო ფასდაკლების აქციები – მინისტრი

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტის გაიაფებასთან დაკავშირებით "მყისიერ შედეგს მოიტანს და მოაქვს" დიალოგს იმპორტიორებთან, საცალო ქსელებთან და დისტრიბუტორებთან. ლევან დავითაშვილმა რუსთავი ორის ეთერში თქვა, რომ შემცირების ტენდენცია დაწყებულია და გაგრძელდება.

"თუ დააკვირდებით, უამრავმა ქსელმა დაიწყო ფასდაკლების აქციების გამოცხადება, ჩვენ დავინახეთ, რომ ფასები სურსათზე შემცირებული იყო ბოლო პერიოდში, შემცირების ტენდენცია არის საიმპორტო ინვოისების მიხედვითაც და ეს უნდა აისახოს უკვე დახლზე ფასებზეც. და უფრო სწრაფად უნდა აისახოს, ვიდრე უნდა ასახულიყო, იმიტომ, რომ ვიცით - კომპანიებს აქვთ მარაგები, დრო სჭირდებათ, მაგრამ ამ დიალოგმა ეს პროცესი დააჩქარა და იმედი მაქვს, ძალიან მალე მოსახლეობა ამას უკვე იგრძნობს. რიგ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებია გამოცხადებული სხვადასხვა აქციის ფარგლებში და ეს ტენდენცია გაგრძელდება" - თქვა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ "სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვა იქნება გაიაფების პროცენტი". 

"ფასები გაიაფდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნება" - ამბობს მინისტრი.


საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სურსათის ფასების დასარეგულირებლად იმპორტიორებისთვის ფასები და მარჟები, ხოლო რითეილისთვის განსაზღვრული წესები დადგინდება. პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოში საცალო ვაჭრობის დარგის წესები ევროპაში აპრობირებული არ არის, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ღარიბაშვილის დავალებით საცალო ვაჭრობის წესების დასარეგულირებლად სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს მოამზადებს.

"სურათი, რომელიც გამოიკვეთა არის ამგვარი - იმპორტიორების ფასნამატი არის ზოგ შემთხვევაში 100%-ით გაზრდილი, ეს მიუღებელია და საკითხი უნდა დარეგულირდეს.

[...] აქედან 70-80% მათი [იმპორტიორების] მოგება არ არის, არამედ დამოკიდებულია დიდი ქსელების, რითეილების წესებთან. ეს წესები არ არის ევროპაში აპრობირებული, მთელს დასავლურ სამყაროში დარეგულირებულია, ამიტომ, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება დირექტივას, რომელიც ეხება კანონს სამართლიანი ვაჭრობის შესახებ" - ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ევროპული პრაქტიკის გადმოტანით სამართლიანი წესები დადგინდება და იმპორტიორებს განსაზღვრული მარჟები, ხოლო საცალო ვაჭრობის დარგს განსაზღვრული წესები ექნება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტი, ვინაიდან ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება. გასული თვის ინფლაცია იყო 9,4%, აქედან 6,1% არის სურსათის ფასები, როგორც კი დარეგულირდება ფასების საკითხები, ინფლაცია ჩამოვა იმ ნიშნულზე, როგორც გვაქვს განსაზღვრული - დაახლოებით 5% ამ წლის განმავლობაში. და საბოლოოდ, ეს სიკეთე აისახება მოსახლეობის ჯიბეზე." - ამბობს პრემიერმინისტრი.

ღარიბაშვილის თქმით, სურსათის ფასების შესახებ კანონპროექტმა არ უნდა გააჩინოს განცდა, რომ მთავრობა ეკონომიკის საქმიანობაში უხეშად ერევა. მისი თქმით, როგორც წამლების ფასების რეგულირება - რეფერენტული ფასების დაწესება, სურსათის ფასების შეზღუდვაც ევროპული პრაქტიკაა.

კომენტარები