რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი მინსკის შეთანხმებაზე: მათ სურდათ რუსეთის მადის დაკმაყოფილება უკრაინის ხარჯზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა SPIEGEL-თან მიცემულ ინტერვიუში 2015 წელს დაწყებულ მინსკის შეთანხმებების შესახებ ისაუბრა. ზელენსკის თქმით, მას თავიდანვე მიაჩნდა, რომ აღნიშნული შეთანხმება უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი იყო.

"ვერანაირი სურვილი ვერ დავინახე ამ შეთანხმებით, უკრაინას დარჩენოდა თავისი დამოუკიდებლობა. მესმის მათი: პირველ რიგში, მათ სურდათ რუსეთის მადის ოდნავ მაინც დაკმაყოფილება უკრაინის ხარჯზე. პროკრასტინაცია სრულად მისაღებია დიპლომატიაში. არასდროს იცი, გადაწყვეტილების მიმღები როდის მოკვდება და ყველაფერი უეცრად უფრო ადვილი გახდება. მე მხოლოდ ერთ მიზანს ვხედავდი ამ შეთანხმებაში: მისი დამსახურებით, არსებობდა ოფიციალური პლატფორმა ყველაფერზე სასაუბროდ და მე კონცენტრირებული ვიყავი ტყვეების გაცვლის საკითხზე და ვუთხარი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს: ანდრიი, მოდი ეს განვავრცოთ, ეს ხალხს შეეხება". – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ასევე გამოთქვა უკმაყოფილება ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე თავს იკავებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის იარაღის გადაცემისგან. უკრაინის პრეზიდენტმა ამას "ბინძური პოლიტიკა" უწოდა. 

"ჩვენ ყოველ დღე ვესაუბრებოდით ევროპული სახელმწიფოების მეთაურებს და მათ ვეუბნებოდით: დაურეკეთ მას, შეაჩერეთ, შეაჩერეთ მისი ჯარისკაცები. მე ვაფრთხილებდბი: მოგვეცით ბევრი იარაღი. ასევე, მე მოვთხოვე პრევენციული იარაღი და სანქციები. თუ ყველამ იცოდა, რომ პუტინი აპირებდა ჩვენ ქვეყანაში შემოჭრას, რატომ არ შემოიღეს სანქციები? სისულელეა, როდესაც ყველანი საჯაროდ მხარს გვიჭერთ და მაინც გსურთ გვერდი აუაროთ სანქციებს და თავი შეიკავოთ იარაღის გადმოცემისგან. მე ამას ვხედავ, როგორც ბინძურ პოლიტიკას - იცი, რომ რუსეთი ისტორიულად აგებს ომს, მაგრამ მაინც წინააღმდეგი ხარ დაეხმარო უკრაინას იმის შიშით, რომ არსებობს რუსეთის გამარჯვების 1%-იანი შანსი და ამ შემთხვევაში შეგეძლება პუტინისთვის თქმა: ხომ გახსოვს? მე მაშინ ოდნავ შევჩერდი!" და ეს ზუსტად ის არის, რაც არ მომწონს პოლიტიკის შესახებ - საუბარი ღირებულებებზე და შემდეგ მათი გაუფასურება ქმედებებით". – თქვა ზელენსკიმ.

მინსკის პროტოკოლი ჯერ 2014 წლის სექტემბერში, შემდეგ ხელახლა 2015 წლის თებერვალში გაფორმდა უკრაინას, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის. მის მიხედვით შეიქმნა რუხი ზონა კონფლიქტის მხარეებს შორის და განისაზღვრა თუ რა იარაღის ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად. გაფორმების შემდეგ პროტოკოლი მრავალჯერ დაირღვა და მის მეშვეობით ვერც კონფლიქტი შეჩერდა დონბასის რეგიონში.  

 

კომენტარები