რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: უცხოური კომპანიები რუსული ბაზრიდან გასვლის გამო დიდ ზარალს განიცდიან

9 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ დასავლური სანქციების გამო რუსული ბაზრის დატოვების შედეგად უცხოური კომპანიები დიდ ზარალს განიცდიან.

ამასთან, მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ შიდა ბიზნესის გაფართოების პოტენციალი კოლოსურია და უცხოური ბიზნესის გასვლით რუსეთს არ წაუგია.

"დღეს ბევრი მათგანი [დასავლური ბრენდები], მათი მთავრობების ზეწოლის გამო, ტოვებენ ჩვენს ბაზარს. ყველაფერი საუკეთესო მათ." - თქვა ვლადიმირ პუტინმა და გამომშვიდობების ნიშნად ხელი ირონიულად დააქნია.

უამრავმა დასავლურმა კომპანიამ - ენერგიის მწარმოებლებიდან საკვებისა და ტანსაცმლის ქსელებით დამთავრებული - რუსეთი გასულ წელს დატოვა. ბაზრის დატოვება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთს სანქციებს მოყვა.

დასავლეთის სანქციებმა კონფლიქტის გამო რუსეთის ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი მნიშვნელოვნად შეიცვალა. SWIFT-ის სისტემიდან უმსხვილესი რუსული ბანკები გამოითიშა, ქვეყანას ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა და ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობა შეეზღუდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და ცენტრალური ბანკი აღიარებენ “სირთულეებს”, მოსკოვი ამბობს, რომ მისი ეკონომიკა გამძლეა და დასავლეთს თავისივე სანქციები ინფლაციისა და საწვავის ფასების ზრდით ბუმერანგივით შემოუტრიალდა.

"რუსეთში არაფერს არ განუცდია მარცხი და არაფერი არ იშლება. ჩვენი კომპანიები და მეწარმეები ძალიან წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას" - თქვა პუტინმა.

ამავე შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა დრონების განვითარებისთვის სისტემა უნდა ააშენოს და რუსეთი “ტექნოლოგიისა და კომპეტენციის წყარო” უნდა გახდეს.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის დროს რუსულმა ძალებმა დიდი რაოდენობით დრონები გამოიყენეს, რომელთა უმრავლესობა ირანისგან იყო შეძენილი.

კომენტარები