მიხეილ სააკაშვილი

ზურაბიშვილი: ვითომ არ იცოდეს ყველამ, რომ შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მის მიერ შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი სააკაშვილი პატიმრობიდან ვერ გათავისუფლდება, რადგან მის წინააღმდეგ კიდევ 3 საქმე მიმდინარეობს.

"პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული) და რაც მთავარია ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე.

ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია". – წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის შეფასებით, სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის არგადავადებით ქართველ ხალხს "ჩაკეტილ წრეზე" ტრიალი მიესაჯა. იხილეთ ზურაბიშვილის განცხადება სრულად:

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს. საპარლამენტო საქმიანობას დროებით ასევე წყვეტს სტრატეგია აღმაშენებელიც.

კომენტარები