რუსეთის ჯაშუშები

გერმანიის დაზვერვაში ჯაშუშის გამოვლენის შემდეგ ქვეყნები მისი კავშირების დადგენაზე მუშაობენ

2022 წლის დეკემბერში გამოაშკარავდა რუსეთის მიერ გერმანიის სადაზვერვო სამსახურში ჩანერგილი ჯაშუში, რომელსაც მაღალი თანამდებობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა და დადგინდა, რომ მას რუსეთს აწვდიდა. Washington Examiner სკანდალის გარშემო დეტალების ანალიზს აქვეყნებს.  

ეჭვმიტანილი 52 წლის პოლკოვნიკია, რომელიც 2010 წლიდან გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურში (BND) იყო დასაქმებული. პოზიციიდან გამომდინარე, მას შეხება ჰქონდა არამარტო გერმანიის, დასავლეთის სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მასალებთანაც.

გერმანელი ჯაშუშის დაპატიმრების შემდეგ დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ერთობლივი მოქმედებით ცდილობენ დაადგინონ ზიანის მასშტაბი, რომელიც პოლკოვნიკმა საკუთარი და პარტნიორი ქვეყნების დაზვერვას მიაყენა.

პოლკოვნიკის დაკავების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ იგი მარტო არ მოქმედებდა. ეს ეჭვი გასულ კვირას დადასტურდა, როცა გერმანიის პოლიციამ მიუნხენის აეროპორტში აშშ-დან მომავალი პირი დააკავა. დაკავებული პოლკოვნიკის კურიერის მოვალეობას ასრულებდა და ინფორმაციის რუსეთისთვის მიწოდებაში ეხმარებოდა. 

პოლკოვნიკის გამოაშკარავებამდე  BND-ში მისი შიდა უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაწინაურება იგეგმებოდა.

კომენტარები