რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ხარკოვში ვხედავთ გამბედაობას" – ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით ხარკოვში ჩავიდა

 REUTERS/Dado Ruvic

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით ხარკოვს ეწვია.

Reuters-ის ინფორმაციით, ბერბოკი უკრაინას უფრო მეტი იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთავაზებებს დაჰპირდა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის წინ ბერბოკმა გერმანიის სახელით უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. მისივე თქმით, ამ ადამიანებს რუსეთის თავდასხმასთან ერთად ზამთრის მძიმე პირობებთან უწევთ გამკლავება.  

"ეს ქალაქი რუსეთის წარმოუდგენელი აგრესიისა და ხალხის დაუსრულებელი ტანჯვის სიმბოლოა. განსაკუთრებით, აქ, ქვეყნის აღმოსავლეთით სისასტიკე ადამიანების ყოველდღიურობაა… ხარკოვში ვხედავთ გამბედაობას, გამძლეობასა და მშვიდობიანი ცხოვრების იმედს". - თქვა პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ბერბოკის ვიზიტს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლეონიდ სლუცკი გამოეხმაურა. მისი თქმით, "ისტორია ბერბოკს მსგავსი რეპლიკებისთვის მკაცრად გაკიცხავს".

"სამწუხაროდ, ის [ბერბოკი] ვერ მალავს სიმპათიას უკრაინულ პროექტში ნაციზმის რეინკარნაციისადმი. მის სიტყვებში იგრძნობა ნოსტალგიური განწყობა". - წერს სლუცკი ტელეგრამზე


გასულ კვირას გერმანია უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების და დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეის გადაცემას დაჰპირდა.

Marder ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, რომელსაც გერმანული სამხედროები 1970-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდნენ. ქვეითთა საბრძოლო მანქანა მძიმედ შეიარაღებული ჯავშანმანქანაა, რომელიც ბრძოლის ველზე ჯარისკაცების გადასაადგილებლად გამოიყენება. ის ჩვეულებრივ მთავარ საბრძოლო ტანკებთან ერთადაა განლაგებული.

კომენტარები