თავისუფლების ინსიტუტი

3 მოსამართლის განსხვავებული აზრი ე.წ. ტაბელების შესახებ ტაბულას სარჩელზე

ე.წ ტაბელების, ანუ შრომის საათების სავალდებულოდ აღრიცხვის საქმეზე ტაბულას სახელით თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. თუმცა, განსხვავებული აზრი აქვს პლენუმის 3 წევრს - გიორგი თევდორაშვილს, ირინე იმერლიშვილსა და თეიმურაზ ტუღუშს.   

მოსამართლეები წერენ, რომ სარჩელი იყო სათანადოდ დასაბუთებული და აღწერდა იმ ხარისხის რისკებს, რაც იმსახურებდა სასამართლოს მხრიდან არსებით ფორმატში განხილვას.

განსხვავებული აზრის მქონე სამი მოსამართლის შეფასებით, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება მნიშვნელოვანი იყო, რადგან განხილვის შემთხვევაში თითოეულ მოსამართლეს ექნებოდა საშუალება დაესვა კითხვები, საკითხი სიღრმისეულად მოეკვლია, მოესმინა მოსარჩელის არგუმენტები, "რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების საბოლოო პროდუქტის - სასამართლოს გადაწყვეტილების, დასაბუთებულობასა და დამაჯერებლობას". 

პლენუმის წევრები აღნიშნავენ, რომ გამორიცხული არ არის, განხილვის შემდეგ სადავო რეგულირება  კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად ჩათვლილიყო, თუმცა ამისთვის არსებითი განხილვის ეტაპზე საკითხის სიღრმისეული ანალიზი და ამის შემდეგ სათანადოდ დასაბუთებული, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი, რასაც, მათივე შეფასებით, სასამართლოს განჩინებაში მოცემული დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს. 

3 მოსამართლე პლენუმს არ ეთანხმება შემდეგ საკითხებში:

თავისუფლების ინსტიტუტი საუბრობდა დამატებით ხარჯებზე, რასაც ნორმის შესრულება იწვევს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასაბუთებაში ვერ ამოიკითხეს მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვის რისკები და განხილვაზე უარი ამ მიზეზით თქვეს. სამი მოსამართლე ეწინააღმდეგება სასამართლოს შეფასებას. მათი აზრით, დაუსაბუთებელია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის მსჯელობა, რომ დასაქმებულთა სამუშაო დროის აღწერის ვალდებულება არ იწვევს წარმოების პროცესის გართულებასა და წარმოების პროცესის ფასის ზრდას. 

"მოსარჩელე მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია, ერთი მხრივ, სადავო ვალდებულების შემოღებით დამსაქმებლისათვის დამატებითი ორგანიზაციულმატერიალური ტვირთის დაკისრების, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ვალდებულების, ზოგ შემთხვევაში, თვითმიზნურობის თაობაზე, სათანადოდ წარმოაჩენდა მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს. შესაბამისად, ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო კონსტიტუციური სარჩელი, არსებითი განხილვის ფორმატში გამოეკვლია საკითხი და გამოეტანა გადაწყვეტილება სადავო რეგულირების კონსტიტუციასთან თავსებადობის შესახებ".

მოსამართლეები არ ეთანხმებიან პლენუმის მითითებას, რომ სარჩელში არ იყო წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია და მყარი მტკიცებულებები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ხელშესახებს გახდიდა, თუ რამდენად ექნება გავლენა დროის აღრიცხვის ვალდებულებას საწარმოო პროცესის ფინანსურ მხარეზე. მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ ვალდებულების ფარგლები, რომლის არაკონსტიტუციურობაზეც სარჩელში იყო მსჯელობა, უშუალოდ კანონმდებლობით არის დადგენილი. 

"ამავდროულად, თვალნათელია ისიც, რომ დაკისრებული ვალდებულების აღსრულებისათვის გარდაუვალია დამსაქმებლის მიერ შესაბამისი ქმედებების განხორციელება, რომლებთანაც დაკავშირებულია განსხვავებული ხარისხის ფინანსური თუ ორგანიზაციული რესურსის გაღება. 

ამასთან, უდავოა ისიც, რომ გაღებული რესურსის მოცულობას მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის რაოდენობა. ამ პირობებში კი, ჩვენი აზრით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მოთხოვნა, დასაქმებულთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ვალდებულების სიმძიმის დასადასტურებლად, დამატებითი არგუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით".

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის შეფასებით, სასამართლომ საქმის არგანხილვით ხელი შეუშალა ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისა და საქმის შესწავლის პროცესს, რაც სასარგებლო იქნებოდა კანონმდებლობის დახვეწისთვისა და მის ადამიანებზე მეტად მორგების მიმართულებით. თავისუფლების ინსტიტუტს არც მისცემია შესაძლებლობა, ემსჯელა სასამართლოს წინაშე და საკუთარი არგუმენტები წარედგინა. 

"თავისუფლების ინსტიტუტი თავის სარჩელში ასაბუთებდა, თუ რატომ იყო არათავსებადი სადავო ნორმა კონსტიტუციასთან და ასევე, ამბობდა, რატომ იყო ბუნდოვნად ფორმულირებული და არაგანჭვრეტადი თავად ნორმაც. სასამართლომ თქვა, რომ არსებით განსახილველადაც არ მიიღებს ამ საკითხს. ფაქტობრივად, მსჯელობის სივრცე შეგვეზღუდა. არ მოგვეცა საშუალება, საკუთარი პოზიცია დაგვეცვა” - ამბობს სალომე ხვადაგიანი. 

2021 წლის 1-ელ ივნისს ტაბულას და ჟურნალისტის, ანა გვარიშვილის სახელით თავისუფლების ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ე.წ ტაბელების, ანუ შრომის საათების სავალდებულოდ აღრიცხვა. ამ შემთხვევაში ტაბულა, როგორც დამსაქმებელი, ხოლო ანა გვარიშვილი, როგორც დასაქმებული ასაჩივრებდნენ შემზღუდველ ნორმებს, კერძოდ ორგანულ კანონს "საქართველოს შრომის კოდექსსა" და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01-15/ნ ბრძანებას "სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ". 

თავისუფლების ინსტიტუტის შეფასებით, ტაბელების შევსების ვალდებულება არასაჭიროა, დამატებით შრომას აკისრებს დასაქმებულს და ცხოვრებას ურთულებს, სამაგიერო სიკეთე კი არ მოაქვს. თავისუფლების ინსტიტუტი განმარტავდა, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანის სამუშაო გრაფიკის რეალური აღრიცხვა შეუძლებელია, თუ შესაბამისი ელექტრონული საშუალებებით არ დააკვირდებიან. ეს პროცედურა, ერთი მხრივ, ძვირია დამსაქმებლისთვის და, მეორე მხრივ, აიძულებს დასაქმებულს ზოგ შემთხვევაში დათმოს პირადი სივრცე. 

"ბიუროკრატიის მხრიდან ამ ვალდებულების შექმნა ნიშნავს პატიოსან მოქალაქეთა იძულებას, მოიქცნენ არაკეთილსინდისიერად და მოგონილი საათები შეიყვანონ. 

შეზღუდვა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და გაუმართლებლად ზღუდავს მხარეების თავისუფალ ნებას. დამსაქმებელს და დასაქმებულს ართმევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ შრომის პირობები. ამასთან, სადავო ნორმები იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ არის განჭვრეტადი". – ეწერა თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში. 

კომენტარები