თუ წონის კლება გაგრძელდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს – კონსილიუმი

სააკაშვილი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მოამზადა. ოთხმა ექიმმა ექსპრეზიდენტი 5 დეკემბერს გასინჯა. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილთან შედარებით, "მნიშვნელოვნად" არის გაუარესებული. ექიმი ამბობს, რომ გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტური ფუნქციების გაუარესებაში, ასევე, გამოიხატა კუნთების განლევა და საერთო სისუსტე.

" ვერ დგება, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს, შეფასდა მისი კოგნიტური სფერო და ისიც დაქვეითებულია. აქვს ცხელება, ამ ყველაფერმა მოგვცა უფლება გვეუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიც არის კახექსია.

კახექსია არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო სწრაფი აჩქარება, ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას, რასაც მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი. ჩვენი აზრით, ის შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს,

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული" - ამბობს წულაძე.

კითხვაზე, რა არის ძირეული გადაწყვეტილება, ექიმი პასუხობს - "ვფიქრობ, მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნეს გადაყვანილი... პაციენტი ჩვენი ქვეყნიდან უნდა იქნეს გაყვანილი და სხვაგან უნდა იქნეს ნამკურნალევი, სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც  შესაბამისი გამოცდილება აქვს".

თენგიზ წულაძის თქმითვე, "ჩვენი კოლეგები არ აკლებენ არაფერს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტების მართვის დიდი გამოცდილება არ აქვს".

"კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს. თუ ასე გაგრძელდა წონის კლება, რა თქმა უნდა. თუ არ გაგრძელდა და გაჩერდა ან გაუმჯობესდა, არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს შეიძლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიში იყოს" - ამბობს ნევროლოგი.

კომენტარები