მოგების გადასახადი

დავითაშვილი: ესტონური საშეღავათო მოდელი ბანკებს არ სჭირდებათ, მათთან კომუნიკაცია გვქონდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის მტკიცებით, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს არ სჭირდება. დავითაშვილის თქმით, ეს მოდელი ხელშემწყობი მექანიზმია და საქართველოს საბანკო სისტემას ამის საჭიროება არ აქვს. 

“ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო სექტორია, ქართული ბანკები არიან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიერლიგაშიც ანუ ისინი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ მმართველობის და გამჭვირვალობის კუთხით. მათ აქვთ მაღალი ნდობა, საიმედოობა და კაპიტალის მოზიდვის ძალიან მაღალი ხარისხი და შესაძლებლობები.

დღეისათვის ჩვენ ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი არის მნიშვნელოვნად განვითარებული, ესტონური მოდელი კი, ძირითადად არის საშეღავათო მოდელი და ამიტომ ბანკებს არ სჭირდებათ ზუსტად ამ საშეღავათო მოდელის გამოყენება ამ ეტაპისთვის. ამ საკითხზე იყო მკაფიო კომუნიკაცია ბანკებთან, ეს გადაწყვეტილება ბანკებთან კომუნიკაციის შედეგადაც იყო მიღებული. ეს ობიექტურ რეალობას ეფუძნება, ეს არ არის სუბუექტური, ცალმხრივი და ცალსახა გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიო ლოგიკა არსებობს, თუ რატომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა დავითაშვილმა.

ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბანკებისთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა. ამასთან, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15%-ის ნაცვლად 20% იქნება. პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.

"ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახდის არსებულ სისტემას. ესტონური მოდელის ჩანაწერი კი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში, იმიტომ, რომ უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, ორი მილიარდი სუფთა მოგება იქნება ბანკებისთვის წლის ბოლომდე. 

ამას გარდა, მოგების გადასახდი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-სა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა. ორი მსხვილი ბანკი არის ლომდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

2016 წელს პარლამენტმა მიიღო "ესტონური მოდელის“ შემოღების რეფორმა, ხოლო 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო მისი განხორციელება.

ესტონური მოდელის დანერგვის მიზანი ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარება იყო. ამ მოდელით კომპანია იბეგრება მხოლოდ მაშინ, თუ ეს მოგება კომპანიიდან გადის. თუ ეს მოგება კომპანიაშივე რჩება, მაშინ კომპანია ამ თანხაზე მოგების გადასახადს არ იხდის. ამით მთავრობა კომპანიას ახალისებს, რომ თანხა, რომლის აკუმულირებაც მან მოახერხა, დარჩეს კომპანიაში, რათა ბიზნესი გაფართოვდეს.

კომენტარები