რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დავეხმარებით

Morris MacMatzen/Getty Images

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარებიან. 

"ერთიან სანქციებს, რომელთა ინიცირებაც მოვახდინეთ, მოჰყვება ზამთრის ერთიანი დახმარების პაკეტი დიდი შვიდეულის პარტნიორებისგან. [...] დახმარების ეს პაკეტი ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ზამთარში მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგია, გატეხოს უკრაინა, წარმატებულია". – თქვა ბერბოკმა. 

12 ოქტომბერს, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ უკრაინელებისთვის ზამთარი მძიმე იქნება და ყველა კარგად უნდა მოემზადოს. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში რუსული სარაკეტო ტერორის გამო, ენერგეტიკოსებს უწევთ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რათა მთელმა სისტემამ სტაბილურად იმუშაოს.

კომენტარები