რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU მოსკოვს გადაწყვეტილების შეცვლისა და მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

Reuters

ევროკავშირი რუსეთს მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს. ალიანსის ცნობით, რუსეთის ნაბიჯი გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქების ნებისმიერ მცდელობას ძირს უთხრის

"რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვება მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი რუსეთს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს". - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე. 

მომხდარს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ რუსეთის ნაბიჯი "წმინდად აღმაშფოთებელია". მისი თქმით, თუკი სიტუაცია არ შეიცვლება, მსოფლიოში შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. ასევე, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ მოსკოვი საკვებს დასაშანტაჟებელ იარაღად იყენებს.

29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება დატოვეს. რუსეთის თავდაცვის უწყება მიზეზად სევასტოპოლში მომხდარ "ტერაქტებს" ასახელებს, რომლის მოწყობაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმა, რომლის შედეგადაც მათი რამდენიმე ხომალდი განადგურდა, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებითა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოხდა. უკრაინა და დიდი ბრიტანეთის რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ.

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.

კომენტარები