ლანა სატორი

ალბანეთში დაკავებული, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ქალი საქართველოში ცხოვრობდა – ბატიაშვილი

ალბანეთში დაკავებული, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ქალი საქართველოში ცხოვრობდა. ინფორმაციას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ავრცელებს

"გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალბანეთში სამხედრო ბაზაზე შეპარული რუსები რომ დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით?

დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ იმ ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე ფსევდონიმით ლანა სატორი დაპატიმრებამდე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს, ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი "ტურისტი" საქართველოში.

რომ არა ალბანეთში ჩავარდნილი ოპერაცია, ისევ თავისუფლად გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოშიც და სხვაგანაც. ასეთ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ". - წერს ბატიაშვილი. 

Instagram-გვერდი, რომელიც ლანა სატორის სახელზეა შექმნილი, სოციალურ ქსელში იძებნება - პროფილის ავტორს საქართველოში გადაღებული მრავალი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის, სვანეთიდან, ჭიათურიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან.  

ალბანეთში სამხედრო ქარხანაში შეჭრის მცდელობისას რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე 21 აგვისტოს დააკავეს. ალბანეთის პრემიერმინისტრის, ედი რამას თქმით, დაკავებული სამი პირი - 24 წლის რუსი კაცი, 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინელი კაცი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 წლის კაცის დაკავებისას 2 ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა, რადგან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილმა, რომელიც ქარხანაში ფოტოების გადაღებას ცდილობდა, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისას სპრეი გამოიყენა. 

თავდაცვის მინისტრმა, ნიკო პელეშიმ თქვა, რომ ქარხანაში შეღწევის მიზეზზე დარწმუნებით საუბარი ნაადრევი იყო, თუმცა მანვე მიუთითა გეოპოლიტიკურ კონტექსტზე. მინისტრი, სავარაუდოდ, ალბანეთის მთავრობის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის კრიტიკას გულისხმობდა.

"ფართო რეგიონული და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს არ შეიძლება ჩვეულებრივ, სამოქალაქო ინციდენტად ჩაითვალოს, თუმცა დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ". – თქვა პელეშმა.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ სამივე ეჭვმიტანილი ბლოგერია და ისინი ხშირად სტუმრობენ მიტოვებულ სამხედრო ბაზებსა და დიდ ქარხნებს სხვადასხვა ქვეყანაში. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, გამოძიებით დადგინდება, იყვნენ თუ არა ისინი ბლოგერები და ზუსტად რა იყო მათი მოტივი.

კომენტარები