ქართული ოცნება

Foreign Policy: საქართველოს მმართველი პარტია ძირს უთხრის NATO-ში გაწევრიანების მისსავე მცდელობას

გამოცემა Foreign Policy-მა (FP) სტატია მოამზადა საქართველოს საგარეო კურსზე, რომელიც, სტატიის მიხედვით პრო-დასავლურიდან პრო-რუსულად გარდაიქმნა. სტატიის ავტორის, ავტორის, უილ კატკარტის შეფასებით, არაფორმალური მმართველობის, მართველი გუნდის წევრების პრო-რუსული რიტორიკისა და მიკერძოებული სასამართლოს გამო ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ქრება.

სტატიის ავტორის მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა უკანასკნელი ნიშანია, რომ ქვეყანა დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან ანტაგონისტურ პრო-რუსულ რეჟიმად გადაიქცა, რაც ძირს უთხრის მის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს.

აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ბათუ ქუთელიამ Foreign Policy-სთან საუბრისას საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე ისაუბრა. ქუთელიას თქმით, ივანიშვილის მიერ არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი მტკიცებულება არის ის, რომ მთავრობის თითქმის ყველა მინისტრი რაღაც ეტაპზე ივანიშვილის პირად სამსახურსა და მის მიერ დაფუძნებულ ქართუ ბანკში მუშაობდა. 

"მისი პრო-რუსული, პუტინის სტილის ანტიდემოკრატიული ქმედებები და მის მიერ არაფორმალური გზებით მმართველობა ასაბუთებს, რომ ივანიშვილი არის საქართველოს არაფორმალური მმართველი და რუსეთის მოკავშირე". – თქვა ქუთელიამ.

სტატიაში ასევე ნახსენებია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა. ატლანტიკური საბჭოს კავკასიის მკვლევარმა, ეთო ბიზუიაშვილმა Foreign Policy-სთან თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ინსტიტუტებთან არ დაახლოებულიყო.

"როგორც ჩანს, დემოკრატიისგან განდგომა, წარუმატებელი სასამართლო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულება, თავისუფალ მედიაზე, აქტივისტებსა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა საქართველო არ გამხდარიყო დასავლური ინსტიტუტების ნაწილი და ეს არის ის, რისი ხილვაც სურს რუსეთს საქართველოში". – ამბობს ბუზიაშვილი.

სტატიის მიხედვით, ქართული ოცნების მიერ ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუარესება განსაკუთრებით თვალსაჩინოა მართლმსაჯულების სისტემაში. ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 2019-2021 წლებში ქართულმა ოცნებამ 20 უვადო მოსამართლე არაპატიოსანი, არაობიექტური და არადამაჯერებელი მეთოდებით დაამტკიცა. 

სტატიაში ასევე საუბარია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და მაგალითად მოყვანილია მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელსაც სასამართლომ მაისში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შედეგად, ევროპარლამენტმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდა, რეზოლუცია შეიმუშავა, რომლითაც ევროკავშირს ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვდა და მისი როლი ქართულ პოლიტიკაში შეაფასა, როგორც დესტრუქციული.

საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილი გაუგზავნა, სადაც უარყოფდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და არაფორმალური მმართველია. ასევე, ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა დაიწყეს თავდასხმა და აგრესიული რიტორიკა, როგორც დასავლური ინსტიტუტების, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის მიმართ. სტატიის მიხედვით, მმართველმა გუნდმა არაფერი გააკეთა, რათა ელჩების მიმართ გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები გაექარწყლებინა. 

საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ შეუძლია ისეთი დროის გახსენება, როდესაც მეგობრულმა ხელისუფლებამ და პარტნიორმა ვერ შეძლო აშშ-ს ელჩის დაცვა ყალბი ბრალდებებისგან. მისი თქმით, გონიერი ხალხი მიხვდება, რომ საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს. 

კომენტარები