საქართველო-რუსეთი

პაპუაშვილი: რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ქსენოფობიაში გადაიზარდა

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით კუთხით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ამბობს, რომ კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, რუსების მიმართ ქსენოფობიაში გადაიზარდა.

"ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოში რუსების შემოსვლის რაოდენობის კუთხით არაფერი შეცვლილა, ასევე, არც ვიზებთან დაკავშირებით. 2020 და 2021 წლების აღება რომ ხდება, ეს არარელევანტურია, რადგან, იმ დროს პანდემია იყო და მსოფლიოში გადაადგილება სხვანაირად ხდებოდა. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც, ვინც ამ კამპანიას ატარებს, რომელიც ახალი არ არის და მარტშიც იყო, ვნახეთ, ამ კამპანიამ სადამდე მიგვიყვანა, ქსენოფობიურ კამპანიაში გადაიზარდა. გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ვიღაცამ ქვა ესროლა. ეს კამპანია სწორედ ამ ქსენოფობიას ახალისებს. მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ამაში ჩართულია ზოგიერთი NGO. ქსენოფობიას აღვივებენ და მეტს არაფერს. მითუმეტეს, ძალიან კარგად იციან და კვლევებიც არსებობს, რუსეთის მოქალაქეების რა ჯგუფები შემოდის ჩვენთან. ძირითადად ესენი არიან ახალგაზრდები, რომელთაც კარგი შემოსავალი აქვთ. ძირითადად არიან აიტის, კულტურისა და მენეჯმენტის სფეროდან. ეს არის საშუალო ფენა, რომელიც რუსეთიდან იმიტომ წამოვიდა, რომ თავისუფლება, დემოკრატია და სტაბილურობა სურთ, რაც საქართველოში არის. ესეც იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას უნდა დააბრალონ რაღაც ტენდენციები. ცალკე პრობლემაა, თუ ეს პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ საქართველოს საზღვრებზე აზრის პოლიცია უნდა იჯდგეს და ხალხს გამოკითხვას უნდა უტარებდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა გემოვნებები აქვთ აქ შემოსულ ადამიანებს. კვლევებითაც ყველამ იცის, რომ ის ხალხი, ვინც აქ შემოდის, მათი 90%-ზე მეტი ის ადამიანია, რომლებიც რუსეთში პოლიტიკურ სისტემას არ ეთანხმებიან". - ამბობს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ საქართველო ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, რუსეთზე ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

"რაც შეეხება რუსეთზე დამოკიდებულებას. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ შეიძლება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო რუსეთზე ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. იცით, რომ რაც შეეხება მაგალითად ენერგომატარებლებს, ამ კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ბაზარზე. ასევე იცით, რომ საერთოდ ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან. მათთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს, ახლა რომ საუბრობენ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ არის ჩვეულებრივი კამპანია, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომ თითქოს რაღაც პოზიციებთან დაკავშირებით ბუნდოვანებები არის". - განაცხადა პაპუაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან (მოქალაქე, რეზიდენტი) 247 149 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.3%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში რუსეთის 691 587 მოქალაქე/რეზიდენტი შემოვიდა.

2020 და 2021 წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რიცხვი შემცირებულია - პანდემიის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობა შეზღუდული იყო. სახმელეთო საზღვარი მხოლოდ მაისში გაიხსნა, პირდაპირი ფრენები კი, გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყდა. 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან 183 135 მოქალაქე/რეზიდენტი შემოვიდა, ხოლო 2021 წელს - 43 847.

ამ დროისთვის უცნობია, შემოსული 247 149 მოქალაქე/რეზიდენტიდან რამდენმა დატოვა ქვეყანა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი, 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

კომენტარები