რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნავთობზე G7-ის შეზღუდვები ენერგორესურსის ფასს გაზრდის – ზახაროვა

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ნავთობის ფასზე დიდი შვიდეულის შეზღუდვები რეალურად ფასის ზრდას გამოიწვევს.

"ეს გეგმები ანტისაბაზრო და სარისკოა". - თქვა ზახაროვამ.  

ასევე, ზახაროვამ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ბაიდენი, სავარაუდოდ, ნავთობზე მაღალი ფასების შესამცირებლად, მსოფლიოს წამყვან ნავთობის მწარმოებელ საუდის არაბეთს ენერგორესურსის მოპოვების გაზრდას სთხოვს. 

”ჩვენ ძალიან ვაფასებთ საუდის არაბეთთან ხანგრძლივ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში”. - ამბობს ზახაროვა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესება ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს. 

ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე შეზღუდვები დააწესეს.

Reuters-ი აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობის გლობალური ფასი 40%-ით, $140-მდე გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ენერგორესურსზე ფასის ჭერი არ დაწესდება

ფასის ჭერი კონკრეტულ საქონელზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას ნიშნავს, რომელზე მაღალი ფასის დადებაც მიმწოდებელს გარკვეული პერიოდით შეზღუდული აქვს. 

წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში, აშშ-ს სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენი აშშ-ს ფასების ლიმიტის წინადადებასა და გლობალურ ეკონომიკურ მოვლენებს იაპონიის ფინანსთა მინისტრ შუნიჩი სუძუკისთან ერთად განიხილავს. 

დასავლელი მაღალჩინოსნების მიზანია ფასის იმ დონეზე დაყენება, რომელიც რუსეთის წარმოების ზღვრულ დანახარჯებს დაფარავს, რათა მოსკოვს ნავთობის ექსპორტის სტიმული შეუნარჩუნდეს, თუმცა, ფასების მანიპულაციით ომის დაფინანსების საშუალებას შეუზღუდავს. 

იაპონიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ს მიერ შეთავაზებული ფასის ზღვარი ძალიან დაბალია, თუმცა აღნიშნეს, რომ მისი პოტენციური დიაპაზონი ბარელზე $40-დან $60-მდე უნდა შენარჩუნდეს. 

დიდი შვიდეულის ქვეყნები ბავარიაში სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვის შემოსავლების შესამცირებლად და ომის მანქანის დასასუსტებლად, დამატებით სანქციებს დააწესებდნენ, თუმცა, დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. 
 

კომენტარები