რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტოკიო ზომებს იღებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სახალინ 2-ის ენერგოპროექტი სხვა უწყებას გადასცა

სახალინ-2-ის ქარხანა, სახალინის კუნძული, რუსეთი, 2009.

იაპონიის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა და თქვა, რომ ქვეყნის "ენერგეტიკული ინტერესები დაცული უნდა იყოს". განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ნავთობისა და გაზის მრავალი მილიარდის ღირებულების პროექტების - სახალინ-2-ის, მართვის ბერკეტი სხვა რუსულ კომპანიას გადასცა.

დადგენილების თანახმად, რუსული გაზპრომი პროექტებში თავის წილს შეინარჩუნებს (გაზპრომი პროექტების 50%-ს ოპერირებს), მაგრამ სხვა აქციონერებმა რუსეთის მთავრობას ახალ ფირმაში წილისთვის ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი, კრემლი თავად გადაწყვეტს - მისცეს თუ არა მათ წილის შენარჩუნების უფლება. 

იაპონური სავაჭრო სახლები - Mitsui Corp და Mitsubishi Corp, სახალინ-2-ის პროექტში შესაბამისად 12.5 და 10%-იან წილებს ფლობენ, თუმცა პუტინის დადგენილების შემდეგ, მათი საინვესტიციო პერსპექტივები ჯერჯერობით ბუნდოვანია.  

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ დადგენილება "LNG-ის იმპორტს მყისიერად შეაჩერებს", რომელზეც იაპონია მნიშვნელოვნად დამოკიდებულია.

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ იმოქმედებს განკარგულება ჩვენს კონტრაქტზე". - თქვა კიშიდამ. 

იაპონიის მთავრობის ცნობით, ტოკიო ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიებისა და სწრაფი მოლაპარაკებების საკითხს განიხილავს. 

კომენტარები