რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას იქნება ცნობილი – ლეიენი

REUTERS/Guglielmo Mangiapane

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას უთხრა, რომ ევროკომისიის აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. ამის შემდეგ კი დაიწყება მოლაპარაკებათა სერია, რათა მომზადდეს ის რეფორმები, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უნდა გაატაროს.

"კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის თქვენ ბევრი გააკეთეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. მაგალითისთვის, კორუფციასთან ბრძოლა". - აღნიშნა ლეიენმა საერთო კონფერენციაზე. 

საერთო პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპაა.

"სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირის დადებითი პასუხი უკრაინის წევრობის განაცხადზე შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, Bloomberg-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს ოფიციალურად გასცემს

8 ივნისს, ევროპარლამენტის რეზოლუციით, ევროკავშირმა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 438 მომხრეთი და 68 წინააღმდეგით, მხარი დაუჭირა. 

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ევროპარლამენტარებმა დღეს, 8 ივნისს პლენარულ სხდომაზე მიიღეს. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეიენმა, ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

კომენტარები