რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის ბრიტანეთმა, EU-მ და აშშ-მ ჯგუფი ჩამოაყალიბეს

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, 25 მაისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა "სასტიკ დანაშაულებზე მრჩეველთა ჯგუფი" (Atrocity Crimes Advisory Group (ACA) ჩამოაყალიბეს.

"სასტიკ დანაშაულებზე მრჩეველთა ჯგუფი“ უკრაინის გენერალურ პროკურორს სტრატეგიულ რჩევებსა და ოპერატიულ დახმარებას გაუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მექანიზმი ასევე გაზრდის დაფინანსებას იმ საერთაშორისო პროკურორებისა და ომის დანაშაულების სხვა ექსპერტების გუნდის მიმართ, რომლებიც უკრაინაში უკვე იმყოფებიან.

"ეს ინიციატივა დაეხმარება უკრაინის გენერალური პროკურატურის მცდელობებს, დოკუმენტირება გაუკეთოს, შეინახოს და გააანალიზოს უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები. ACA არის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი ელემენტი, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 

აღნიშნულ ინიციატივას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასიც გამოეხმაურა.

"დიდი ბრიტანეთი უკრაინას გამოძიებებში მხარს უჭერს, მათ შორის, რეგიონში ომის დანაშაულების ექსპერტების გაგზავნით და დამატებითი დაფინანსების გამოყოფით, რათა ICC-ს (საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს) გამოძიებაში დაეხმაროს. ახალი ინიციატივით პარტნიორებთან ერთად ჩვენ ძალისხმევას ვაძლიერებთ. სამართალი აღსრულდება". - თქვა თრასმა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები