რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $40 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ ფსაკი
Nicholas Kamm/AFP/Getty Images

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

"კანონპროექტში შეტანილი დამატებითი რესურსები საშუალებას მოგვცემს, გავაგზავნოთ მეტი იარაღი უკრაინაში. ისეთი მძიმე ტექნიკა, როგორებიცაა საარტილერიო, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა". - თქვა ფსაკმა. 

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ 368-57 ხმით მიიღო, რის შემდეგაც, ის სენატს გადაეცემა, საბოლოოდ კი, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს. 

"როგორც პრეზიდენტმა [ჯო ბაიდენმა] თქვა, ჩვენ არ შეგვიძლია დაყოვნება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლაში. 

მოუთმენლად ველით სენატის ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელებას, რათა კანონპროექტი პრეზიდენტის მაგიდამდე სწრაფად მივიდეს". - თქვა ჯენ ფსაკმა

გასულ კვირას, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით $33 მილიარდის გამოყოფა სთხოვა. ამის საპასუხოდ, კონგრესის ქვედა წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით $40 მილიარდის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. 

9 მაისს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით, 417-ით 10-ის წინააღმდეგ 29 აპრილს დაამტკიცა. იქამდე კანონპროექტს 7 აპრილს აშშ-ს სენატმა დაუჭირა მხარი. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

კომენტარები