რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ჯგუფმა Shortparis ანტი-საომარი კომპოზიცია Яблонный Сад გაავრცელა (VIDEO)

ექსპერიმენტულმა რუსულმა ჯგუფმა Shortparis ანტისაომარი კომპოზიცია Яблонный Сад და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ნამუშევარში ფიოდორ კოზლოვის სახელობის დიდი სამამულო ომის ვეტერანთა გუნდი მონაწილეობს.

კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია ბენდის რიგით მეოთხე ალბომში Яблонный сад შედის, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ფრონტმენი, ნიკოლაი კომიაგინი 25 თებერვალს, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ანტისაომარ აქციაზე დააკავეს. მუსიკოსს ბრალი ტრანსპორტისთვის გადაადგილების შეზღუდვაში დასდეს და 10 000 რუბლით დააჯარიმეს.

ექსპერიმენტული ჯგუფი Shortparis სანქტ-პეტერბურგში 2012 წელს შეიქმნა. კოლექტივს ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსები ანტისამთავრობო კომპოზიციებით ამ დრომდეც გამოირჩეოდნენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები