არნოლდ შვარცენეგერი

არნოლდ შვარცენეგერმა აშშ-ს სამხედრო ძალების 25 უსახლკარო ვეტერანს სახლები აჩუქა

მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა აშშ-ს სამხედრო ძალების 25 უსახლკარო ვეტერანს პორტაბელური სახლები აჩუქა. 

ყოფილმა გუბერნატორმა ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელიც უსახლკარო ყოფილ სამხედროებს ეხმარება $250 000 გადარიცხა.

"დღეს შობას უფრო ადრე ვზეიმობ. ჩემს მიერ 25 უსახლკარო ვეტერანისთვის ნაჩუქარი სახლი ლოს-ანჯელესში დაიდგა. ფანტასტიური იყო ამ გმირ ადამიანებთან დროის გატარება". – წერს სოციალურ ქსელში ტერმინატორის ვარსკვლავი.

ლოს-ანჯელესში უსახლკარო ადამიანების რაოდენობა 2019-დან 2020 წლამდე შუალედში 13%-ით გაიზარდა. დღეისთვის მათი რიცხვი 66 000 ადამიანს შეადგენს, აქედან 400 აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი თანამშრომლები არიან.

შვარცენეგერი აქტიურად ჩართულია ქველმოქმედებაში. მსახიობს დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია Arnold Schwarzenegger Foundation, რომელიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულებს ეხმარება.

არნოლდ შვარცენეგერი წარმოშობით ავსტრიელი ამერიკელი ბოდიბილდერი, მსახიობი და პოლიტიკოსია. კარიერა დაიწყო, როგორც ბოდიბილდერმა, 70-იან წლებში ხუთჯერ ზედიზედ მიიღო მისტერ ოლიმპიას წოდება(სულ შვარცენეგერს ბოდიბილდინგის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო შვიდჯერ აქვს აღებული). 80-იან წლებში აქტიურად თამაშობდა კინოში, შესრულებული აქვს როლები ფილმებში ტერმინატორი, კომანდო, მტაცებელი. 2003 წელს შვარცენეგერი კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი გახდა. ყოფილმა მსახიობმა პოსტი მეორე ვადითაც შეინარჩუნა და კაბინეტი 2011 წელს დატოვა. ბოლო წლებში აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის საკითხებში.

კომენტარები