კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ომიკრონის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ომიკრონის შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევაა. მისივე თქმით, ყველ ადადასტურებულ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ერთის გარდა, არც ერთ პაციენტს სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია.

"დაემატა ომიკრონის შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა. სულ დადასტურებულია 29 შემთხვევა, მაგრამ ალბათ გაცილებით მეტია, რამეთუ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გახშირდა. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება დაშვებული იქნას, რომ იყოს ომიკრონი. შემდეგ კი მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში. ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ გახლავთ ომიკრონის შტამი. ფაქტობრივად ომიკრონმა ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო. როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. ყველა დადასტურებულ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. არც ერთს, გარდა ერთისა, სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია". – ამბობს ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახალი ვარიანტის შემთხვევები ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა. თუმცა ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უკვე უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები