ჩოგბურთი

ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე AUSTRALIAN OPEN-ის საკვალიფიკაციოში ითამაშებენ

Befunky

ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურში მიიღებენ მონაწილეობას. წარმატების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელები 2022 წლის პირველი გრანდ სლემის ძირითად ტურნირზე ითამაშებენ.

გორგოძე Australian Open-ის წყვილთა ტურნირზეც იასპარეზებს. მისი პარტნიორი რუმინელი ირინა ბარა იქნება. მიმდინარე წელს ქართულ-რუმინულმა დუეტმა ოთხი ტიტული მოიპოვა. წყვილების ტურნირში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვაც ვიხილოთ.

ეკატერინე გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანია და WTA რეიტინგში 143-ე ადგილს იკავებს. იმავე რეიტინგში მარიამ ბოლქვაძე 176-ე ადგილზეა. ძირითად ბადეში გადასასვლელად მოთამაშეებს სამი თამაშის მოგება მოუწევთ, შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 16 მოთამაშე გადავა. 

2021 წლის ავსტრალიის პირველობა ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. გორგოძე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გამოვარდა, ხოლო ბოლქვაძე მეორე რაუნდში დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლაზ ბასილაშვილი, რომელიც წლევანდელ ტურნირზე, პირველივე წრეში ამერიკელ ტომი პოლთან წააგო.

2022 წლის Australian Open-ის საკვალიფიკაციო ტური 10-14 იანვარს გაიმართება, ხოლო ძირითადი ბადის თამაშები 17-30 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები