მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Georgian Journal
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
 
"მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

ინფორმაციისთვის, მ. სააკაშვილს, პრევენციის მიზნით ,PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია." – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

PCR ტესტი მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის დირექტორთან, დავით დარასელიასთან კონტაქტის გამო გაუკეთეს. დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 46-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

 
 

კომენტარები