მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: სააკაშვილი სტაბილურადაა, სიცრუეა, რომ სასწრაფო დახმარება გახდა საჭირო

მიხეილ სააკაშვილი
კადრი ვიდეოდან/პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცრუეა, თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო.

"განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილს არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს, პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება.

ამიტომ საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს". – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, დღეს, 13 ნოემბერს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ექსპრეზიდენტმა ლოგინიდან ადგომა ვერ შეძლო.

 მიხეილ სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს – თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 44 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები