ლომჯარია ქართულ ოცნებას: კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი

სახალხო დამცველი

"კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი". - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერს პასუხობს, რომელმაც ომბუდსმენის განცხადება, პენიტენციური კლინიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასე შეაფასა: "სახალხო დამცველი თუ უარყოფს, ვსიო მიღებულია, ძმაო". 

"დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა.

აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ.

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული,

ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ,

 დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...

რა შეიძლება ვთქვა?

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი". - წერს სახალხო დამცველი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

 

კომენტარები