ვაქცინაცია საქართველოში

ბოლო 24 საათში ქვეყანაში სულ 1 877 აცრა ჩატარდა, აქედან I დოზით მხოლოდ 670 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 1 877 აცრა ჩატარდა, აქედან ვაქცინის I დოზით მხოლოდ 670 ადამიანი აიცრა. სულ ქვეყანაში მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 024 769 ადამიანი (36.1%), აქედან ორჯერადად - 925 169 ადამიანი (32.4%).

იმ ფონზე, როცა ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულად დაბალია, ხოლო ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 4-5 000-ის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. მისი აზრით, აცრილთა რაოდენობა "საკმაოდ ეფექტური შედეგია".

"მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით და პირადად მე ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში. ეს საკმაოდ ეფექტური შედეგია".- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კი მომხრეა, აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებები დაწესდეს.

"სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად" - თქვა გამყრელიძემ.

ქვეყანაში ვაქცინაცია 7 თვის წინ, მარტში დაიწყო, მასობრივი ვაქცინაცია კი - მხოლოდ ივლისში. ამ დროისთვის, აცრები ფაიზერის, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებით არის შესაძლებელი. პრემიერის გეგმით, სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ადამიანი უნდა აცრილიყო, თუმცა 1 ოქტომბერს ქვეყანას მხოლოდ 984 595 სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებული მოქალაქე ჰყავდა. 

კომენტარები