ჯო ბაიდენი

ბაიდენი 1975 წელს, საიგონის დაცემის შემდეგ, ქვეყნიდან ვიეტნამელების ევაკუაციას არ ემხრობოდა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 1975 წელს, სენატორობის დროს, სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის დაცემის შემდეგ ქვეყნიდან მოსახლეობის ევაკუაციას არ ემხრობოდა.

ევაკუაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსის განხილვისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ მზად იყო, ამერიკელი სამხედროების ევაკუირებისთვის ნებისმიერი რაოდენობის თანხის გაცემისთვის დაეჭირა მხარი.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ შემიძლია, მხარი დავუჭირო [თანხის გაცემას] ამერიკული ძალების [ვიეტნამში] 1-6 თვით დატოვებისთვის, რათა მათ ვიეტნამელები გამოიყვანონ. [თანხის] ნებისმიერ რაოდენობას დავუჭერ მხარს ამერიკელების გამოსაყვანად. არ მინდა, რომ ეს ვიეტნამელების გამოყვანასთან აირიოს". – ამბობდა ბაიდენი სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე.

მოგვიანებით ბაიდენმა ისიც თქვა, რომ აშშ-ს არ ჰქონდა ვალდებულება, ვიეტნამიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები გაეყვანა. 2012 წელს ბაიდენი ამბობდა, რომ თავის ძველ პოზიციას იზიარებდა.

ავღანეთზე თალიბანის კონტროლის დამყარების შემდეგ ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ავღანეთიდან ყველა ამერიკელს გამოიყვანენ და ამერიკა ყველაფერს გააკეთებს მოკავშირეების ევაკუირებისთვისაც.

"რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო ევაკუაცია ჩვენი ავღანელი მოკავშირეების, პარტნიორების, იმ ავღანელების, ვინც აშშ-სთან ასოცირების გამო, შესაძლოა, სამიზნე გახდეს. ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც სახლში დაბრუნება უნდა, ჩვენ შინ დაგაბრუნებთ". – თქვა ბაიდენმა. 

ბაიდენის თქმით, 14 აგვისტოს შემდეგ აშშ-მ ავღანეთიდან 13 000 ადამიანი უკვე გამოიყვანა. მისივე თქმით, ეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა, რომლის განხორციელება მხოლოდ ამერიკას შეუძლია. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ ავღანელი ლტოლვილების დასახმარებლად 500 მილიონ დოლარს გამოყოფს.

15 აგვისტოს თალიბანის მიერ ავღანეთის დედაქალაქის, ქაბული დაკავების შემდეგ, ამ მოვლენის 1975 წელს სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქის, საიგონის დაცემასთან შედარება დაიწყო.

ვიეტნამის ომი, ისევე როგორც ავღანეთის ომი, თითქმის 20 წელი გაგრძელდა. აშშ სამხრეთ ვიეტნამის მოკავშირე იყო. მათი მოწინააღმდეგე ჩრდილოეთ ვიეტნამი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირი უჭერდა მხარს. 1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთის კომუნისტურმა ძალებმა: ვიეტნამის სახალხო არმიამ და ვიეტკონგმა სამხრეთის დედაქალაქი საიგონი დაიკავეს.

აშშ-მ საკუთარი სამხედრო ძალები სამხრეთ ვიეტნამიდან 1973 წელს გაიყვანა. როდესაც ჩრდილოეთმა საიგონი დაიკავა, სამხრეთი დანებდა. აშშ-ს საიგონში საელჩოს დატოვება და 7000 ადამიანის ევაკუაცია მოუწია.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები