თვითმმართველობის არჩევნები 2021

კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში საარჩევნო შტაბი გახსნა. საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. 

"მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩემს საარჩევნო შტაბს და გახდება აქ მოსული თითოეული თბილისელის მეგობარი და გულშემატკივარი. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, ენერგიული და გამორჩეული წევრი გიორგი ამილახვარი, რომელსაც განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია, რომელთან ერთადაც საარჩევნო კამპანიას ისე წარვმართავთ, რომ ჩვენი გამარჯვებით, არა მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არა მხოლოდ მე, როგორც ერთმა კანდიდატმა, არამედ თბილისმა და თბილისელებმა გაიმარჯვონ." - ამბობს კახა კალაძე.

გიორგი ამილახვარი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ქართული ოცნების პარტიული სიით.

2018 - 2019 წლებში გიორგი ამილახვარი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, 2010 - 2020  წლებში იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი და ასოცირებული პროფესორი სამართალში. 2008 - 2010 წლებში მუშაობდა საქართველოში ლიტვური საინვესტიციო კომპანიის სავერუს ჯორჯია მთავარ იურისტად. იქამდე,  2007 - 2008 წლებში გიორგი ამილახვარი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი იყო.


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილს, ევროკავშირის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების შედეგად, არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმს წარმოადგენდა, ვინაიდან შეთანხმება მოიცავდა პუნქტს, რომლის მიხედვითაც, თუ მმართველი გუნდი არჩევნებზე 43%-ის მიღებას ვერ შეძლებდა, ის ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა. 

თუმცა, ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

კომენტარები