მეზღვაურების საქმე

როგორ გაატარა სხვა მიხეილმა სხვის გამო 8 თვე გისოსებს მიღმა

მეზღვაურების საქმე

როგორ გაატარა სხვა მიხეილმა სხვის გამო 8 თვე გისოსებს მიღმა

მიხეილ ბატურინმა და ორმა უკრაინელმა მეზღვაურმა გისოსებს მიღმა 8 თვე გაატარეს მას შემდეგ, რაც სანაპირო დაცვის სამსახურმა მათი იახტა გააჩერა, მიხეილ სააკაშვილს უშედეგოდ ეძებდა და საბოლოოდ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა. მეზღვაურების ადვოკატი ამბობს, რომ მათი დაკავება უკანონო იყო, მაგრამ მას მერე, რაც ბორტზე სააკაშვილი ვერ იპოვეს, ხელისუფლებამ უკან აღარ დაიხია, რათა რეალური მოტივების ლუსტრაცია არ მომხდარიყო. მეზღვაურები საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინული მხარის წნეხის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში ისე შეიწყალა, რომ მათ ეს არ უთხოვიათ.

სალომე ზურაბიშვილმა იური ხომჩინი, ვლადიმირ დიაჩენკო და მიხეილ ბატურინი 19 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, შეიწყალა. მიხეილ ბატურინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია.

მეზღვაურები 2020 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. 14 ივლისს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული იყო უკრაინის მთავრობა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს დროებითი რწმუნებული გამოიძახეს. სამინისტროს თანახმად, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრობის სულისკვეთებას.

"არ ვერევით საქართველოს სამართალწარმოების პროცესში, მაგრამ ამასთანავე მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, გადახედოს ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინის მოქალაქეები". – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რა მოხდა 2020 წლის 28 ნოემბერს?

უკრაინული იახტა საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით თურქეთისკენ მიცურავდა, როცა ის საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურმა დააკავა. როგორც ბატურინი იხსენებს, სანაპირო დაცვის წევრები ბორტზე "მიშას", საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ეძებდნენ, მოთხოვნამ ეკიპაჟის წევრები დააბნია. მათ თავდაპირველად იფიქრეს, რომ სამართალდამცველები მიხეილ ბატურინს გულისხმობდნენ.

სანაპირო ბორტზე "მეკობრეებივით აბორდაჟით გადავიდნენ" და იახტის ჩხრეკა დაიწყეს, სააკაშვილი ვერ იპოვეს და ეკიპაჟის წევრებისგან ითხოვდნენ, ეთქვათ, სად დამალეს საქართველოს ექსპრეზიდენტი. რაზეც ბატურინის ირონიული პასუხი მიიღეს:

"ვუთხარი, აი, იქით არის, ოღონდ პაროლი უნდა, სამჯერ უნდა დააკაკუნოთ-მეთქი. მივიდა და აკაკუნებდა… მერე ვუთხარი, მორზეთი დააკაკუნე-მეთქი, ორი მოკლე, ერთი გრძელი-მეთქი. ეგეც შეასრულეს, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ "ვეღადავებოდი". – ჰყვება ბატურინი.

იახტა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, რის შემდეგაც ხომიჩინი, დიაჩენკო და ბატურინი დაკავების სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე გადაიყვანეს. ბატურინი თქმით, თავდაპირველად მას უთხრეს, რომ სატრანზიტო გადასახადი ჰქონდათ გადასახდელი, გადასახადის გადახდის შემდეგ კი გზის გაგრძელებას შეძლებდნენ. თუმცა, გამთენიისას მეზღვაურები დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მეზღვაურების დაკავება უკანონო იყო. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შემდეგ სანაპირო დაცვის სამსახურს ისინი უნდა გაეშვა, რადგან ყველა საჭირო დოკუმენტაცია იახტის ეკიპაჟს წესრიგში ჰქონდა და არ ყოფილა დარღვეული საქართველოს ან საერთაშორისო კანონმდებლობა. ბასილაია მეზღვაურების დაკავებას  ხელისუფლების შიშით ხსნის, "ფობიით", რომ იახტის ბორტზე მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

"დაახლოებით 10 საათის განმავლობაში ეს ხალხი ჰყავდათ წყალში, ისე რომ არც დაკავების ოქმი შეადგინეს, არც უფლებები განუმარტეს, სამართლებრივი პროცედურა არ აწარმოეს, ფაქტობრივად ჰყავდათ დაკავებული და ელოდებოდნენ დირექტივის მოღებას, ეს ფაქტობრივი დაკავება ფორმალურად გაეფორმებინათ თუ არა. შესაბამისად, ეს იყო ცალსახად უკანონო დაკავება და უფრო მეტიც, ეს იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა". – ამბობს ბასიალაია ტაბულასთან საუბრისას.

დაკავების მიზეზში, სასამართლო პროცესსა და გამამტყუნებელ განაჩენში ბექა ბასილაია ხელისუფლების ნებას ხედავს. 

"რადგან, თავდაპირველად, გადაწყვიტეს წასულიყვნენ ამ უკანონო გზაზე, შემდეგ მართლმსაჯულების მანქანა, რომელიც დავალებით მოქმედებს, აღარ გაჩერდა და ბოლომდე შეასრულა უკანონო ხაზი, რაც, თავდაპირველად, 28 ნოემბრის ღამესვე ჩაიფიქრეს". – ამბობს ბასილაია.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ეტაპზე შესაძლებელი იყო პროცესის შეწყვეტა და მეზღვაურების გათავისუფლება, მაგრამ "საქართველოში მხოლოდ კანონიერება და დასაბუთებულობა არ არის არგუმენტი ადამიანის თავისუფლების აღკვეთისთვის. უფრო მნიშვნელოვანი და წონადი არგუმენტია ხელისუფლების ნება."

ბასილაიას აზრით, ერთი უკანონო მოქმედების შემდეგ სახელმწიფომ უკან აღარ დაიხია, რათა საქმის ლუსტრაცია არ მომხდარიყო.

"როდესაც ეს ხალხი დააკავეს, ოფიციალურად ხომ არ უთქვამთ, რომ დააკავეს სააკაშვილის გამო. "სააკაშვილის გამო დავიჭირეთ" – არ ჩაუწერიათ, უბრალოდ მათ დაკავებამდე ეკითხებოდნენ, სად არის მეოთხე მგზავრი და ცალკე საქმიდან გამოყვეს მიგრანტის გადაყვანა. როდესაც ეს ნაბიჯი გადადგეს, შემდეგ უკან აღარ დაიხიეს. მერე ხომ არ იტყოდნენ – უკანონოდ დავაკავეთ ეს ხალხი და უნდა გავუშვათ, ბოდიშს მოვუხდითო. არ უნდოდათ, რომ ლუსტრაცია მომხდარიყო. თუმცა საბოლოოდ ლუსტრაცია მოხდა, ამ ხალხს შეწყალებაზე მოთხოვნა არ დაუწერიათ, ისე გაათავისუფლეს". – ამბობს ბასილაია.

შეწყალება ბრალის აღიარებისა და დაკავებულების განაცხადის გარეშე

სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან ორი დღის შემდეგ, 16 ივლისს მიხეილ ბატურინს შეწყალებაზე ხელის მოწერა შესთავაზეს, რაზეც ბატურინმა უარი თქვა. Ბატურინი მიიჩნევდა, რომ შეწყალების მიღება ბრალის აღიარებას ნიშნავდა, ის კი თავის უდანაშაულობის დამტკიცებას გეგმავდა. 

მეზღვაურების ადვოკატი ბექა ბასილაია ჰყვება, რომ შეწყალება უკრაინის მოქალაქეებსაც შესთავაზეს, თუმცა ასევე უარი მიიღეს.

"მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ და შესაწყალებელი არაფერი სჭირდათ, იძულებული გახდა საქართველოს ხელისუფლება, რომ მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ ისინი". – ჰყვება ბასილაია.

ადვოკატის შეფასებით, საქმე იყო მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული,  მეზღვაურების დაკავება და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი კი იყო ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება.

"საქმე იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული. ამ ადამიანთა დაკავება და შემდეგ პატიმრობის შეფარდება და საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა იყო ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება. რამდენადაც, არათუ მტკიცებულებები არ იყო საკმარისი, საერთოდ მთლიანად დანაშაულის შემადგენლობას ადგილი არ ჰქონია. ისინი სარგებლობდნენ საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული მშვიდობიანი გავლის უფლებით, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, გამოიყენოს ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული წყალი წინასწარი შეტყობინების გარეშე. შესაბამისად, ეს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და უკანონო". – ამბობს ბექა ბასილაია.

ბასილაია აღნიშნავს, რომ არ არსებობს პრეცედენტი, განაჩენის გამოტანიდან 3-4 დღეში, ერთი კვირის ვადაში, შეწყალების შესახებ თხოვნის დაწერის გარეშე ბრალდადებულების შეწყალებისა.

მეზღვაურების შეწყალებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით, მეზღვაურების გათავისუფლება პრეზიდენტ ზელენსკის და საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა. 

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი თბილისში. იმ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რომ მეორე დღეს ევროკავშირთან სამიტს მაინც არ გააუქმებდა, ევროპელების შიშით [ზელენსკიმ] გამოაცხადა, რომ გააუქმებდა ამ ვიზიტსაც, თუ უკრაინელ მეზღვაურებს დაუყოვნებლივ არ გათავისუფლებდნენ. მეზღვაურები ამის წყალობით გაათავისუფლეს". – წერს სააკაშვილი.

საბოლოოდ მეზღვაურები 19 ივლისს, დილით, უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლამდე შეიწყალეს.

"2020 წლის ნოემბრიდან, ჩვენ  საქართველოში დაკავებული ჩვენი უკრაინელი მეზღვაურების –  იური ხომიჩის და ვლადიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე ვმუშაობდით. დღეს საქართველომ ისინი გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებისთვის საქართველოს მხარის მადლიერი ვარ, ის შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას". – დაწერა ვოლოდომირ ზელენსკიმ Twitter-ზე მეზღვაურების გათავისუფლების შემდეგ.

კომენტარები