ოპერატორის გარდაცვალება

NGO-ები: 5 ივლისის შედეგების გამო პრემიერმინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

არასამთავრობო ორგანიზაციები TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურებიან და საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ. ერთობლივ განცხადებას 19 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

განცხადებით თანახმად, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ.

"ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებელი ორგანიზატორების, მონაწილეების და ძალადობისკენ მომწოდებლების დასჯას და ირაკლი ღარიბაშვილის და ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ.

"5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუტისა.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე:

1. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა

2. ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.

ერთობლივ განცხადებას 19 ორგანიზაცია აწერს ხელს:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საფარი
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • გაეროს ასოციაცია
  •  მწვანე ალტერნატივა
  • თბილისი პრაიდი 
  • DRI

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები