ავღანეთი

TELEGRAPH: ბრიტანეთი ავღანეთში სპეციალური დანიშნულების დანაყოფის დატოვებას აპირებს

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთი ავღანეთში სპეციალური დანიშნულების ძალების დატოვებას აპირებს. 

გამოცემამ 4 ივლისს დაწერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ორშაბათს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე მიიღებს. 

როგორც გამოცემა ამბობს, ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სამსახურის ავღანეთიდან ახალდაბრუნებულმა წევრმა მათთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სპეციალური დანიშნულების ძალები ქვეყანაში მრჩეველთა ჯგუფის სახით დარჩებოდა. ასევე, მისი თქმით, მათი მიზანი ავღანეთის სამთავრობო ჯარების გაწვრთნა იქნება. 

ბრიტანელი სამხედროების დიდმა ნაწილმა ავღანეთი უკვე დატოვა. 

პარალელურად, აშშ-მ ავღანეთში საკუთარი სამხედრო კამპანია ფაქტობრივად დაასრულა და მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

 

კომენტარები