ეკონომიკა

საექსპორტო ინდუსტრიებს მთავრობა სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს

საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელი ინდუსტრიების 50-მდე დარგის მცირე და საშუალო ბიზნესს მთავრობა სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ახალი მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, 10-წლიანი ეკონომიკური გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

"პირველ რიგში, ჩვენ წავახალისებთ ექსპორტის და იმპორტჩამნაცვლებელ ინდუსტრიებს, ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული 50-მდე სხვადასხვა დარგი, სადაც გაგვაჩნია დიდი პოტენციალი ექსპორტის ზრდის და ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების.

ეს არის ფარმაცევტული პროდუქცია, ქიმიური წარმოება, ზოგიერთი საშენი მასალის წარმოება, ლითონის, პლასტმასის, რეზინის და მინის ნაწარმის წარმოება, საფეიქრო ინდუსტრია, ელექტროდანადგარების და კომპონენტების წარმოება, ცხოველების საკვები და საკვებდანამატები, ავტონაწილები და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების წარმოება, სამედიცინო ინსტრუმენტების წარმოება, ავეჯის წარმოება და სხვ. ასევე მინდა, გამოვყო 2 მნიშვნელოვანი მომსახურების სფერო - საზღვაო თევზჭერა, სადაც ჩვენ საკმაოდ დიდი გარღვევა გვაქვს და ჩვენი პროგრამის დახმარებით უკვე 13-მდე ახალი გემი შენდება. ასევე სრულიად ახალი და ინოვაციური დარგი, სადაც ჩვენ ვხედავთ პოტენციალს, არის პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება, რომელიც შეიძლება იყოს გლობალურად კონკურენტული და მასაც დავუჭერთ მხარს". – თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

თურნავას თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში, საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელი ინდუსტრიების 50-მდე დარგის მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის სუბსიდირებასთან ერთად შესთავაზებენ სესხის თანაუზრუნველყოფას და გრანტს, რომლის ოდენობაც სესხის მოცულობის 15%, ნახევარ მილიონ ლარამდე იქნება.

"რას ნიშნავს ახალი მხარდაჭერის მექანიზმი და რითი განსხვავდება ის დღეს მოქმედი პროგრამებისგან? პირველ რიგში, ამ დარგების მცირე და საშუალო ბიზნესს ჩვენ შევთავაზებთ კომპლექსურ, ერთიან ბერკეტს, რომელიც ერთდროულად მოიცავს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, ეს გაგრძელდება სესხის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში და არა 3 წლის განმავლობაში, როგორც ეს ახლაა. პარალელურად ვთავაზობთ სესხის თანაუზრუნველყოფას, ჩვენი საკრედიტო საგარანტიო სქემის მეშვეობით და სრულიად ახალი კომპონენტს - გრანტს, რომელიც იქნება სესხის მოცულობის 15%-ის ოდენობით, მაქსიმუმ ნახევარი მილიონი ლარი". – თქვა ნათია თურნავამ.

კომენტარები