ვაქცინაცია საქართველოში

NCDC: აცრების დაჯავშნის პორტალი აღდგენილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი – Booking.moh.gov.ge აღდგენილია და ფუნქციონირებს.

NCDC-ის ინფორმაციით ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია Sinopharm-ის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 000-მდე ჯავშანი.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში". – ნათქვამია განცხადებაში.

ვაქცინაციის საიტი Booking.moh.gov.ge 3 ივნისს მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა. პორტალი დღეს, 4 ივნისს ჩაირთო, თუმცა მოქალაქეებს დარეგისტრირება არ შეეძლოთ. 

2 ივლისს საქართველოში Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინის მილიონი დოზა შემოვიდა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, Sinopharm-ის I დოზაზე რეგისტრაცია შაბათს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან, უნდა დაწყებულიყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილ პორტალზე, თუმცა შეფერხების გამო მოქალაქეებმა დარეგისტრირება ვერ შეძლეს. 

მსგავსი პრობლემა აცრის მსურველებს ადრეც შეექმნათ. 12 მაისის 20:00-დან რეგისტრაცია სინოფარმის მეორე დოზაზე უნდა დაწყებულიყო. იმ დროს ასევე გაიხსნა ასტრაზენეკა 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ ტექნიკური ხარვეზის გამო.

ვაქცინაციის საიტის გათიშვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები