რუსეთი

პუტინმა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ სტატიაში NATO-სა და უკრაინაზე ისაუბრა

ვლადიმირ პუტინი
TASS

გერმანულ გამოცემაში Die Zeit გამოქვეყნდა ვლადიმირ პუტინის სტატია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის წლისთავს ეძღვნება. სტატიაში იყო ღია, მიუხედავად წარსულისა, რუსეთის პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს NATO-ს გაფართოების საკითხს, როგორც რუსეთისა და დასავლეთის დაძაბული ურთიერთობის მაგალითს და სწორედ ამ დაძაბულობას უკავშირებს უკრაინაში 2014 წლიდან დაწყებულ კონფლიქტს.

სტატიაში პუტინი მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის დამსახურებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა ძალებმა ევროპა და მსოფლიო დაპყრობისგან დაიცვეს.

"ახლა ვინც არ უნდა სცადოს წარსულის ფურცლების გადაწერა, სიმართლე ისაა, რომ საბჭოთა ჯარისკაცი გერმანიის მიწაზე მივიდა არა გერმანელებზე შურის საძიებლად, არამედ გამათავისუფებლის კეთილშობილი, დიადი მისიით". – წერს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპის ერებმა შეძლეს გაუცხოების დაძლევა, აღადგინეს ურთიერთნდობა და პატივისცემა, აიღეს ინტეგრაციის კურსი. ამ პროცესებში, პუტინის თქმით, "კოლოსალური როლი ითამაშა რუს ხალხსა და გერმანელებს შორის მშვიდობის დამყარებამ".

პუტინი ასევე შეახსენებს მკითხველს, რომ ომის შემდეგ სწორედ გერმანელები იყვნენ რუსეთთან თანამშრომლობის "პიონერები".

"ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ცივი ომის დასრულება ევროპის საერთო გამარჯვება იქნებოდა. ჩანდა კიდევ ბევრი, რომ რეალობად იქცეოდა შარლ დე გოლის ოცნება ერთიან კონტინენტზე, არა გეოგრაფიულზე "ატლანტიკის ოკეანიდან ურალამდე", არამედ - კულტურულზე, ცივილიზაციურზე - ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე". – წერს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი წერს, რომ  რუსეთი ისწრაფოდა ევროპასთან ურთიერთობების განვითარებისკენ და ორივე მხარემ ამისთვის ბევრი გააკეთა, თუმცა სხვა მიდგომა ჭარბობდა.

"ჭარბობდა სხვა მიდგომა. მის საფუძველში იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება, რომელიც თავად ცივი ომის გადმონაშთს წარმოადგენს. ის ხომ იმ ეპოქის დროებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შეიქმნა.

სწორედ აღმოსავლეთისკენ ბლოკის სწრაფვა, რომელიც, სხვათა შორის, დაიწყო იმით, რომ საბჭოთა მმართველობა ფაქტობრივად დაარწმუნეს გაერთიანებული გერმანიის ნატო-ში წევრობაზე, გახდა ძირითადი მიზეზი ევროპაში ურთიერთუნდობლობის სწრაფი ზრდისა. მაშინ სიტყვიერად მიცემული პირობები, რომ "ეს თქვენს წინააღმდეგ არ არის", რომ "ბლოკის საზღვრები თქვენ არ მოგიახლოვდებათ", სწრაფად დაივიწყეს". – წერს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 1999 წელს NATO-ს გაფართოებამ "ფაქტობრივად დაასამარა გამყოფი ხაზების გარეშე კონტინენტის არსებობის იმედები".

"...ბევრი ქვეყანა ხელოვნური არჩევანის წინაშე დააყენეს - ყოფილიყვნენ კოლექტიურ დასავლეთთან ან რუსეთთან. ფაქტობრივად ეს იყო ულტიმატუმი. რა შედეგებამდე მიგვიყვანა ასეთმა აგრესიულმა პოლიტიკამ, ჩვენ ვნახეთ უკრაინის 2014 წლის ტრაგედიის მაგალითზე. ევროპამ აქტიურად დაუჭირა მხარი არაკონსტიტუციურ შეიარაღებულ გადატრიალებას უკრაინაში. აქედან დაიწყო ყველაფერი. რა საჭირო იყო ამის გაკეთება? მაშინ მოქმედი პრეზიდენტი იანუკოვიჩი უკვე დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნებს. შემდეგ აშშ-მ მოაწყო გადატრიალება, ხოლო ევროპის ქვეყნებმა მორჩილად დაუჭირეს მას მხარი, რამაც თავად უკრაინის გახლეჩა და მისი შემადგენლობიდან ყირიმის გამოსვლა გამოიწვია". – წერს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპის უსაფრთხოების სისტემამ “დეგრადირება განიცადა”, იზრდება დაძაბულობა და არსებობს შეიარაღების რბოლის ახალი რისკი. ევროპის აყვავება კი მხოლოდ ყველა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი.

"რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ერთად? ისტორიის რომელი გაკვეთილები გავიხსენოთ? ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ის რასაც დიდი ევროპის ომის შემდგომი ისტორია ადასტურებს: ჩვენი საერთო კონტინენტის აყვავება და უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ერთობლივი ძალისხმევით. იმიტომ, რომ რუსეთი ერთ-ერთია ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოებიდან. და ჩვენ ვგრძნობთ ევროპასთან ურყევ კულტურულ და ისტორიულ კავშირს". – წერს პუტინი.

კომენტარები