საქართველოსთვის

იმედი და POSTV გახარიას პრესკონფერენციაზე არ მივიდა, გახარია იმედს ინტერვიუს სთავაზობს

სამთავრობო არხები, იმედი და POSTV პარტია საქართველოსთვის ლიდერთან, გიორგი გახარიასთან პირველ პრესკონფერენციაზე არ მივიდნენ. გიორგი გახარიამ გამხსნელ სიტყვაში ტელეკომპანია იმედს მასთან პირველი ინტერვიუ შესთავაზა. გადაწყვეტილება არხის რეიტინგით ახსნა. 

"სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო იმედის და პოსტივის ადგილები არის თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, უფრო მეტიც, ვთხოვთ, რომ აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, რომ იმედი დღეს ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. მე ვიცი, რომ იმედის ბევრი ჟურნალისტი დღეს ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი. 

საპასუხოდ მინდა ღიად შევთავაზო მათ ჩემი პირველი ეთერი ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, თუ რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილიც იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგის ტელევიზიაა". – თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დაასახელა. კერძოდ, ყოფილმა პრემიერმა მაშინ თქვა, რომ მასა და ქართული ოცნების გუნდს შორის არსებობდა სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უნდა დაეკავებინათ თუ არა ნიკა მელია. 

29 მაისს გახარიამ პარტია საქართველოსთვის დააარსა და პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა, მათ შორის პარლამენტის მოქმედი წევრები ქართული ოცნების სიიდან. 

 

კომენტარები