ნარკოდანაშაული

შსს: 10 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, ამოღებულია 7 კილოგრამამდე ჰეროინი (VIDEO)

ფონიჭალის დასახლებაში, წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე და ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა, შენახვა და გასაღება. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა და ეს ფარულად ჩაიწერეს. პოლიციამ ჩხრეკისას ფული და ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა ერთი პირი თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მაშინ დააკავეს, როცა მას ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა, მისი ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ფული.

ასევე, ერთი პირი დავაკავეთ ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 კილოგრამამდე ჰეროინი.

სამართალდამცველებმა ორი პირი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მაშინ დააკავეს, როდესაც მათ ავტომანქანით განსაკუთრენით დიდი ოდენობით ნარკოტიკი გადაჰქონდათ, ბრალდებულების პირადი და მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 6 კილოგრამამდე ჰეროინი". - განაცხადა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა. 

კომენტარები