ძალადობა

აქტივისტები: დაკავებულ გოგოს პოლიციელმა ჰკითხა - "გინდა, მოგეფერო, დაგამშვიდო"?

ტაბულა

იურისტი, ილიაუნის ლექტორი, გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე წერს, რომ პოლიციელი 14 აპრილის აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, რუსკა მჭედლიძეს ეხებოდა და ამ ქმედებაზე რეაგირების შემდეგ, რუსკას ხელები გადაუგრიხეს და ატკინეს.

"გუშინწინ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ერთ-ერთი იყო რუსკა მჭედლიძე. დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, ერთ-ერთი პოლიციელი(სავარაუდოდ ცოტნე ჯაფარიძე) რუსკას ეხებოდა და მიმართავდა: “რა გინდა, მოგეფერო და დაგამშვიდო?" ამას შეესწრნენ სხვა დაკავებული აქტივისტები. რუსკამ ყვირილი დაიწყო. ხელები გადაუგრიხეს და ბორკილები გადაუჭირეს. ატკინეს. მერე დიდხანს აგრძელებდნენ პოლიციელები მის დაცინვას და მუქარას. მათ შორის უთითებდნენ რომ ზედმეტად აქტიურობდა ფეისბუქზეც.

რამდენიმე საათში რუსკას ფეისბუქი გაუქმდა. რეპორტის მიხედვით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. გასარკვევია სამართალდამცავმა ორგანოებმა რაიმე ყალბი მიზეზით მიმართეს თუ არა ფეისბუქს".- წერს გიორგი ნონიაშვილი 

იმავეს ამბობს ერთ-ერთი აქივისტიც, ნიკუშა ფარულავა, რომელის რუსკა მჭედლიძესთან ერთად დააკავეს.

"რუსკა მჭედლიძეს ერთმა პოლიციელმა, მამაკაცმა უთხრა: “რა გინდა, მოგეფერო და დაგამშვიდო?” და ხელებით მისკენ გაიწია. რეაქცია ამაზეც გვქონდა, რასაც რუსკას ხელების გადაგრეხა და ბორკილების გადაჭერა მოჰყვა". - წერს ნიკუშა ფარულავა

14 აპრილს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქცია გაიმართა, სადაც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. აქტივისტები ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთების გამო დააკავეს, მათ შორის გიორგი მუმლაძეც.  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა, სადაც გიორგი მუმლაძის გათავისუფლებას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით, აქტივისტებს ძალადობრივად აკავებენ. 

კომენტარები